ეს არის სწორი ნაბიჯი, ეს არის გონივრული სიფრთხილე, - ასე აფასებს თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რეფინანსირების განაკვეთის 8%-ზე უცვლელად დატოვების შესახებ.
"ძირითადი ფუნდამენტური ფაქტორები ჯანსაღია, მაგრამ მცირე ეკონომიკა ვართ, ძალიან მოწყვლადი ვართ და შესაძლოა, ვითარება სწრაფად შეიცვალოს, ვიდრე არ დადასტურდება, რომ ნამდვილად, რეალურად ფულადი ნაკადების შემოდინებები იმდენია, რამდენსაც ვვარაუდობდით, მანამდე სებ-ი მონეტარული განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილებას არ მიიღებს", - განაცხადა გიორგი ღაღანიძემ.
მისი შეფასებით, სებ-ში არ იღებენ გადაწყვეტილებას მოლოდინებზე დაყრდნობით, არამედ მხოლოდ მომხდარი ფაქტის შემდეგ.
"ეს არის სწორი ნაბიჯი, ეს არის გონივრული სიფრთხილე", - განაცხადა თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანმა.
მისი თქმით, სებ-ი სტაბილურად მიჰყვება და ავითარებს ფრთხილ და გააზრებულ მონეტარულ პოლიტიკას.
"დაახლოებით ერთი წლის წინ, იყო შეხვედრა საქართველოს ეროვნულ ბანკში. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სადაც იყო გაჟღერებული ზუსტად ის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ძალიან ფრთხილ ნაბიჯებს. სებ-ი შეხედავს რამდენად ჯანსაღია ფუნდამენტური ფაქტორები, რამდენადაა შესაძლებელი ინფლაციის მოთოკვა და მხოლოდ ამის გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებაზე. უნდა ითქვას, რომ ამ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას სებ-ი რეალურად ნერგავს ცხოვრებაში. ყველა შემთხვევაში ეკიდებიან ძალიან ფრთხილად ადგენენ მონეტარულ განაკვეთს და სანამ არ იქნება გაანალიზებული ყველა შესაძლო რისკი, არ იღებენ შემცირების გადაწყვეტილებას", - განაცხადა გიორგი ღაღანიძემ.