25 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი ეროვნულ მუზეუმს - იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი საქართველოს უბრუნდება

წიგნი, რომელშიც ქრისტეს ენა ქართულს ერწყმის, საუკუნეებს გაუძლო და 16 ასწლეულის შემდეგ კრისტის აუქციონი მოხვდა - მისი ისტორიული, შინაარსობრივი თუ სამეცნიერო ღირებულება შეუფასებელია, თუმცა, ლონდონის ყველაზე ცნობილ აუქციონზე ის მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

მყიდველი სატელეფონო ხაზზე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა. გაირკვა, რომ სინას მთის კოლექციის ეს უმნიშვნელოვანესი პალიმფსესტი ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

ისტორიული ცნობების თანახმად, პალიმფსესტის პირველადი ტექსტი ქრისტიანული პალესტინის არამეულ ენაზე იყო დაწერილი და მასში სახარების მნიშვნელოვანი ფრაგმენტები იკითხებოდა. უკვე სინას მთაზე მოღვაწე იოანე ზოსიმემ კი მას ახალი სიცოცხლე მე-10 საუკუნეში შთაბერა, როდესაც თითქმის გაფერმკრთალებული ტექსტი უკვე ქართულ ენაზე გადაწერა. შუა საუკუნეებისა და რენესანსის ეპოქის ხელნაწერთა სპეციალისტი, ეუხენიო დონადონი, რომელიც კრისტის აუქციონს პირადად უძღვებოდა, ჰყვება თუ რატომ არის ეს ტექსტი უნიკალური.

იოანე ზოსიმეს ცნობილი პალიმფსესტი, რომელიც არამეული დიალექტის ყველაზე ადრეულ ჩანაწერებს მოიცავს, კერძო კოლექციონერების ხელში, სავარაუდოდ, ალექსანდრიის შავი ბაზრიდან მოხვდა. კრისტის აუქციონზე ეს და სხვა ხელნაწერები მარტინ შუენის კოლექციიდან ხვდება. მოუხედავად საერთაშორისო ინტერესისა, იოანე ზოსიმეს მიერ არამეულიდან ქართულად გადაწერილი სახარების ეს ფრაგმენტი ყველაზე ძვირფასი საქართველოსთვისაა, რადგან ისე მოხდა, რომ საქართველოში ცნობილი მწიგნობრის, გადამწერისა და ხელნაწერთა განმაცხოველებლის არცერთი ორიგინალი არ მოიპოვება, შესაბამისად, ხელნაწერი ქართველი მეცნიერების ინტერესს აორმაგებს.

იოანე ზოსიმეს "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" ახლაც სინას მთაზე ინახება, თუმცა უკვე ამოხსნილი შინაარსით. მეცნიერი, ალიკო ცინცაძე ამბობს, 140-წლიანი საიდუმლოს გაშიფვრა დიდ მეცნიერების - თამაზ ჩხენკელისა და რამაზ პატარაძის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

კრისტის აუქციონი უკვე დასრულებულია და სულ მალე იოანე ზოსიმეს ისტორიული ხელნაწერი საქართველოს მიწაზე პირველად მოხვდება. მისი ნახვა ეროვნულ მუზეუმში რიგით მოქალაქეებსაც შეეძლებათ.

დღის ამბები