25 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
23 საათი ისტორიულ მატჩამდე - საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ქომაგები  განსაკუთრებულად ემზადებიან

მიხეილ მესხის სტადიონის კარი ხვალ საღამოს 6 საათზე გაიხსნება. გულშემატკივრებს საქართველო-თურქეთის მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა 6 დიდ ეკრანზე შეეძლებათ. განსაკუთრებული მზადება ლოკომოტივზე დილიდან დაიწყო. თამაშის ყურების პარალელურად, სტადიონის გარშემო მაყურებლებისთვის სხვადასხვა აქტივობაც ჩატარდება. განსაკუთრებული განწყობის შესაქმნელად, გასართობი და კვების ზონები მოეწყობა.

ისტორიული მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან ქართველი ქომაგები. მათი დიდი ნაწილი თამაშის ნახვას სწორედ მიხეილ მესის სტადიონზე აპირებს. ტრიბუნებზე 15 000 მაყურებელი ეტევა.

სადებიუტო მატჩზე ქართველ ფეხბურთელებს წარმატება უსურვეს ირაკლი კობახიძემ და თეა წულუკიანმა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ დღეს ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში ელოდებოდა. ირაკლი კობახიძემ მთავრობის მიერ სუბსიდირებულ ფრენებზეც ისაუბრა.

დღეს დილით, გერმანიის მიმართულებით მთავრობის მიერ სუბსიდირებული კიდევ ერთი რეისი შესრულდა. "აირზენას" ახალმა თვითმფრინავმა, "ბოინგ 767-მა" ქართველი გულშემატკივრები დიუსელდორფში ჩაიყვანა. 17-ივე სუბსიდირებული რეისი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგზეა მორგებული. ფრენებს 4 ავიაკომპანია ასრულებს. თბილისსა და ქუთაისიდან ჩარტერული რეისები დორტმუნდის, ჰამბურგის, კიოლნისა და დიუსელდორფის მიმართულებით შესრულდება. ამ დროისთვის, 5300-ზე მეტი ბილეთია გაყიდული. 18, 22 და 26 ივნისი - თურქეთი, ჩეხეთი პორტუგალია - ასეთია საქართველოს სადებიუტო განრიგი კონტინენტის პირველობაზე.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი 

დღის ამბები