53-დან 19 ღირსების ორდენის გარეშე რჩება. სალომე ზურაბიშვილმა ისტორიული გამარჯვების მონაწილეთა დიდი ნაწილი თამაშგარე დატოვა. რატომ აჩვენა პრეზიდენტმა წითელი ბარათი ადამიანებს, ვინც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ეროვნულ ნაკრებს კონტინენტის პირველობისთვის ბრძოლის შესაძლებლობა მისცა, ფეხბურთის ფედერაციაში ვერ ხსნიან. მმართველი ორგანო გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ გუნდის წევრების დაყოფა და ისტორიულ მატჩამდე მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება, მიუღებელია.
ფედერაციის ამ განცხადების შემდეგ, ათონელის რეზიდენცია დუმს. რის საფუძველზე ამოიღო პრეზიდენტმა ღირსების ორდენზე წარდგენილი 19 პირი სიიდან? ზურაბიშვილი განმარტებებს არ აკეთებს. ორი დოკუმენტით კი, რომელიც ადმინისტრაციამ ერთმანეთის მიყოლებით გაავრცელა, ირკვევა, რომ ღირსების ორდენს ისტორიული გამარჯვების მხოლოდ 34 მონაწილე მიიღებს, მათ შორის ფეხბურთელები, ფედერაციის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი - არასრული შემადგენლობით. ღირსების მედალი კი მეორე განკარგულების თანახმად, 6 ადამიანს გადაეცემა. ზურაბიშვილმა სიიდან ამოიღო ფეხბურთის ფედერაციის 3 ვიცე-პრეზიდენტი, მათ შორის ერთი ალექსანდრე იაშვილია, ქართული ფეხბურთის ლეგენდა და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი.
ოპოზიციის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ღირსების ორდენი ფეხბურთელების რეპუტაციას ვერ განსაზღვრავს, მეორე ნაწილი კი, მეტ კონკრეტიკას თავად სალომე ზურაბიშვილისგან ელოდება. არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობენ, რომ ღირსების ორდენის გადაცემის საკითხი პრეზიდენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს.
"სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა სიიდან კონკრეტული გვარების ამოღება" - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას. ირაკლი კობახიძის თქმით, 4 აპრილს მისი და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინების გაგზავნას წინ უძღოდა კონსულტაციები ფედერაციასთან. მიზანი, როგორც პრემიერმა განმარტა, ისტორიული გამარჯვების ყველა შემოქმედის თანაბრად დაფასება იყო. ზურაბიშვილის შერჩევით კრიტერიუმებზე აქცენტი დღეს ვიცე-პრემიერმა და სპორტის მინისტრმაც გააკეთა.
საკუთარი გადაწყვეტილების გადასახედად, სალომე ზურაბიშვილს დრო სექტემბრამდე აქვს. საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში შემოდგომაზე ჩამოდის. პოზიცია მყარია - პრეზიდენტის ჯილდოს მიიღებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინება სრულად დაკმაყოფილდება.