ნახევარკუნძული წმინდა მიწის მახლობლად, ბიბლიური მოსესა და 10 მცნების ნავსაყუდელი. იქ, სადაც ბერებმა და მწიგნობრებმა საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობას არაერთი უძველესი წიგნი თუ ხელნაწერი შემოუნახეს. ამ თაროებზე დაცული, პერგამენტზე შესრულებული განძი დღემდე ხელიდან ხელში გადადის. ისტორიული წყაროების მიხედვით, ქართველი სასულიერო პირები აქ პირველად მე-6 საუკუნეში გამოჩნდნენ, თუმცა მთაზე ასკეტური ცხოვრება მოგვიანებით, მე-9 მე-10 საუკუნეში დაიწყო.
ქართული ხელნაწერების ანდერძ-მინაწერებიდან ჩანს, რომ X საუკუნის 70-იანი წლებიდან სინის სამონასტრო კომპლექსში მიდის ბერი, რომელიც იქამდე პალესტინაში, საბაწმინდის ლავრაში მოღვაწეობდა. წმინდა ეკატერინეს მონასტერში იოანე ზოსიმე ასკეტურ ცხოვრებასთან ერთად ლიტერატურულ მოღვაწეობას იწყებს, არის გადამწერი და ამკინძველი. მწიგნობარი ბერი, რომელიც შუა საუკუნეების ტექსტებსა და საეკლესიო საგალობლებზე მუშაობდა, გამორჩეულა კალიგრაფიითა და წერის მანერით.
იმ დროში კი მწიგნობრობა დიდ შრომასთან იყო დაკავშირებული, ვინაიდან პერგამენტი ძვირადღირებული იყო და ადვილად არ იშოვებოდა. ბერები ძველ წარწერებს შლიდნენ, ტყავს კი ახალი ტექსტისთვის ამუშავებდნენ, თუმცა მელნის ბოლომდე წაშლა მაინც ვერ ხერხდებოდა. ასე გაჩნდა პალიმფსესტები, რომელიც სინის მთამ მრავლად დაიტია, მათ შორის იოანე ზოსიმეს ავტოგრაფით.
XIX-XX საუკუნეებში ქართველები სინის მთაზე აღარ იყვნენ, ამიტომაც ქართული ხელნაწერების გარკვეული ნაწილის კვალი დაიკარგა. სხვადასხვა გზით და სხვადასხვა დროს საუკუნეების წინანდელმა სინურმა მემკვიდრეობამ არაერთ ქვეყანაში დაიდო ბინა, თუმცა საქართველოში ვერც ერთხელ. საუკუნეების შემდეგ, ქრისტეს ენაზე შესრულებული იოანე ზოსიმეს ხელიდან გამოსული საგანძური ქვეყანაში ბრუნდება. ქრისტის აუქციონზე ის მილიონ ფუნტად ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. საქართველოში დაცული პალიმფსესტებიდან ის იქნება პირველი, რომლის ერთი შრეც არამეულ, მეორე კი ქართულ ენაზე ნუსხური დამწერლობით არის შესრულებული.
წიგნის ფორმატი 200 Х 150 მილიმეტრია, 70 გვერდი. დაწერილია 979 წელს, ამას ერთ-ერთ გვერდზე თავად გადამწერი იოანე ზოსიმე მიუთითებს. წიგნს თან ერთვის ცნობები ავტორის შესახებ, სადაც წერია: “დაიწერა, გასრულდა და აიკინძა ეს წმინდა წიგნი, წმინდა სინის მთაზე ცოდვილი იოანეს ხელით“;
სინურ მემკვიდრეობას ქართველი მეცნიერები შესასწავლად ახლა უკვე სამშობლოში ელოდებიან. მიაჩნიათ, რომ ხელნაწერი ბევრის მთქმელი იქნება, იოანე ზოსიმეს მიერ საღვთისმეტყველო მწერლობაში გაწეული ღვაწლის შესახებაც.
ხელნაწერმა მოგზაურობა სინის მთიდან დაიწყო, თუმცა არავინ იცის რა გადახდა გზად და როგორ მოხვდა კერძო კოლექციონერის ხელში. ჯერ კიდევ 1883 წელს, ალექსანდრე ცაგარელის ცნობებით, იოანე ზოსიმეს პალიმფსესტი სინის მთაზე ირიცხებოდა, 81-ე ნომრად. ამის შემდეგ კვალი ქრება და მეცნიერების ერთი ნაწილის ვერსიით კაიროს, მეორე ნაწილის აზრით კი ალექსანდრიის შავი ბაზრით წმინდა მიწას ტოვებს. მოგვიანებით, მას შეძლებული ევროპელების კერძო კოლექციებში ვხვდებით.
შესაძლოა ეს სწორედ კერძო კოლექციაში მოხვედრილი სინური ტექსტის პირველი კადრებიც იყოს. ქართველ მწერალსა და რეჟისორს რეზო თაბუკაშვილს ქართული ხელნაწერი 1988 წელს ამერიკაში ანტიკვარული წიგნების მაღაზიაში შემოხვდა.
მეცნიერებისთვის საინტერესოა ტექსტიც, რომელიც სინური ხელნაწერის ქვედა ფენაში იკითხება. ვარაუდობენ, რომ მისი გაშიფვრა და შესწავლა ქრისტიანული აღმოსავლეთის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
მკვლევრების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ პალიმფსესტი უნდა შედარდეს კიდევ ერთ ხელნაწერთან, რომელიც იოანეს ზოსიმეს სახელს უკავშირდება - “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“.
შინაარსიდან გამომდინარე, ხელნაწერი რწმენისა და ქართული ენის საგალობლად ჩაითვალა და რელიგიური მნიშვნელობაც შეიძინა. ამიტომაც, მისდამი არა მხოლოდ მეცნიერთა, არამედ ფართო საზოგადოების ყურადღება დღემდე არ ცხრება.
პალიმფსესტი, რომლის ყველა ფენაც საგანძურია, სინის მთიდან მოგზაურობას აქ, ეროვნული მუზეუმის ამ სივრცეში დაასრულებს, ბედიის ბარძიმის გვერდით. ოქროს ფონდში, იქ, სადაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაა.
ერთი მწიგნობარი ბერისა და მის ხელით გადაწერილი პალიმფსესტის ისტორია საუკუნეებს ითვლის, უძველესი საღვთისმეტყველო ტექსტი ქართულ მიწაზე დროის ათვლას უახლოეს დღეებში დაიწყებს.
ავტორი: ზურა ნერგაძე