სამცხე ჯავახეთში, ზღვის დონიდან 2 065 მეტრზე, იქ სადაც ზაფხული ხანმოკლეა, ზამთარი კი ცივი და გრძელი, ალპური სოფელი გორელოვკაა. მძიმე კლიმატური პირობების მიუხედავად, აქ თითქმის ორი საუკუნეა დუხობორები ცხოვრობენ.
დუხობორებით დასახლებული სოფლები ყოველწლიურად იცლება და მათ უნიკალურ კულტურაზე მოყოლა დღეს, მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეუძლია.
დარია 22 წლისაა. მისი ოჯახის წევრები სოფელ ორლოვკაში ცხოვრობენ-მიწას ამუშავებენ და მესაქონლეობას მისდევენ. სტრუკოვების ოჯახი ერთადერთია, ვინც ქართულ ენას კარგად ფლობს და არც საკუთარ ტრადიციებს ივიწყებს. მას შემდეგ, რაც სკოლა დაამთავრა, დარია თბილისში გადმოვიდა სწავლის გასაგრძელებლად, თუმცა მშობლიურ გარემოს ხშირად უბრუნდება.
180 წლის წინ, აქ მცხოვრები დუხობორების წინაპრები, რუსეთის იმპერატორმა განსხვავებული რელიგიური შეხედულებების გამო, საკუთარი ქვეყნიდან გააძევა და საქართველოში გადმოასახლა. გზა უცხო მიწამდე ცივი და მკაცრი იყო. ღამეებს ღია ცის ქვეშ ათევდნენ. მალევე თავშესაფრისთვის მიწურების გაკეთება დაიწყეს. ასე შემორჩა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე 8 სოფელს მიწური სახლები და სამშობლოდან გამოყოლილი სახელწოდებები.
ამ დასახლებებში ბევრი წმინდა ადგილია, სადაც კვირაობით იკრიბებიან და ლოცულობენ. დარია თავის და-ძმასთან ერთად ლოცვას ყოველთვის ესწრება.
ობლების სახლი ყველაზე დიდი სამლოცველო ნაგებობაა სოფელში. ამ სახლში დუხობორების ლიდერი ცხოვრობდა და სწორედ აქ ეხმარებოდნენ თემში მცხოვრებ ობოლ ბავშვებსა და მოხუცებს.
ფერადი სახლები, ყვავილებიანი ორნამენტებით გაფორმებული ტანსაცმელი, გამორჩეული არქიტექტურა და ადამიანების პორტრეტები, რომლებსაც სახეზე იარად საუკუნოვანი ტანჯვის კვალი დღესაც ატყვიათ. ისინი ჩვენს გვერდით, ჩვენს მიწაზე ცხოვრებენ და მათ მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ორმა საუკუნემაც კი ვერ გაანელა. ალბათ იმიტომ, რომ მათი ცხოვრების სტილი ძალიან მიმზიდველია, ხოლო მათი კეთილგანწყობის მოპოვება ძალიან რთული.
მათ შორის იყო სტრუკოვების ოჯახი, ახლა დარია საკუთარი მიზნებისთვის და ოცნებებისთვის ბრძოლას უკვე ორლოვკადან შორს, დედაქალაქში განაგრძობს და ერთადერთი რაც სურს, საკუთარი ხალხის ბედნიერებაა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი