25 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
“უმნიშვნელოვანესია, რომ იგრძნონ ქომაგებისა და საქართველოს მხარდაჭერა“ - EURO 2024-ზე დასასწრებად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, პირველი ჩარტერული რეისი დღეს შესრულდა

EURO 2024-ზე დასასწრებად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, პირველი ჩარტერული რეისი დღეს შესრულდა.

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთებით საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი გაემგზავრა. ისინი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს გერმანიაში სტადიონზე უგულშემატკივრებენ.

გამგზავრებამდე ქომაგებმა მათი ემოციების შესახებ ისაუბრეს. ფეხბურთის გულშემატკივრის, ამირან გოგილაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ისტორიულ მატჩზე, ქომაგების გვერდით დგომა იგრძნონ.

“უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა იგრძნონ ქომაგებისა და საქართველოს მხარდაჭერა. ძალიან დიდი მადლობა სუბსიდირებული ბილეთებისთვის, ამ შესაძლებლობებისთვის, რომელიც გვაძლევს საშუალებას, პირველ რიგში, ჩვენ გვქონდეს დაუვიწყარი შთაბეჭდილება და მეორე, ჩვენს ნაკრებს გვერდში დავუდგეთ. ჩვენ აუცილებლად იქ ვიქნებით - მეთორმეტე მოთამაშე და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ამირან გოგილაშვილმა.

ფეხბურთის გულშემატკივარი, ლევან ბეგლარიშვილი ჩარტერული რეისების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, სუბსიდირებული ფრენების საშუალებით, ეროვნულ ნაკრებს თამაშზე გვერდით ქომაგების დიდი რაოდენობა ეყოლება.

“ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დიდ საფეხბურთო ფორუმებზე გულშემატკივრების რაოდენობა. ძალიან კარგი ინიციატივაა ჩარტერული რეისების დანიშვნა, პირადად ვსარგებლობ და მოთხოვნაც ძალიან დიდი იყო. ეს გამოიწვევს იმას, რომ ნაკრებს ეყოლება გულშემატკივარი“, - განაცხადა ლევან ბეგლარიშვილმა.

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს ასევე, მგზავრების რეგისტრაციის პროცესს სრულად აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.

“დღეიდან, დაიწყო საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ფრენების შესრულება. ჯამში, საქართველოს აეროპორტების ზედამხედველობით გაიყიდა 5 300-მდე ბილეთი, ყველა საქართველოს მოქალაქემ შეიძინა. მათ ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ ისტორიულ მატჩებს. ზედამხედველობას გავუწევთ ყველა ფრენას, რაც იქნება საქართველოდან ასევე გერმანიის მხრიდან თბილისი მიმართულებით. ჩვენი წარმომადგენლები იზრუნებენ იმაზე, რომ მგზავრებს ჰქონდეთ სრული კომფორტი და ფრენები შესრულდეს უპრობლემოდ“, - განაცხად ირაკლი ქარქაშაძემ.

დღის ამბები