25 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
ვის და რა პრინციპით არ ერგო ღირსების ორდენი ისტორიული გამარჯვებისთვის - პრეზიდენტს "ოცნება" პოლარიზების გამწვავებაში ადანაშაულებს

"ქართული ოცნებისთვის" საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება გაუგებარია. ირკვევა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების, სამწვრთნელო შტაბისა და ფედერაციის ხელმძღვანელების სრულად, ღირსების ორდენით დაჯილდოება გადაიფიქრა და იმ სიიდან, რომელიც მას პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გაუგზავნეს, რამდენიმე ადამიანი გამოტოვა. ფაქტი მმართველი ძალისთვის სალომე ზურაბიშვილის შერჩევით პოლიტიკაზე მეტყველებს.

მმართველი გუნდის ინფორმაციით, სიაში გამოტოვებული არიან ვიცე-პრეზიდენტები - ალექსანდრე იაშვილი, ნიკოლოზ ჯღარკავა და აკაკი ალადაშვილი; ასევე, ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე. რა მიზნით გამოარჩია ღირსების ორდენზე წარდგენილი კონკრეტული პირები სალომე ზურაბიშვილმა - "კურიერის" არაერთი მცდელობის მიუხედავად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს კითხვას არ უპასუხეს.

მნიშვნელოვანი ისტორიული ასპარეზობის წინ, ამ საკითხის წამოჭრას ოპოზიციის ნაწილი სპეკულაციად მიაჩნევს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ახლა უმჯობესია, თუ პოლიტიკოსები ფეხბურთელებზე საუბარს შეწყვეტენ და მათ მხოლოდ წარმატებას უსურვებენ.

ოპოზიციის მეორე ნაწილს კი არ უკვირს, თუკი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ სიაში ცვლილებას შეიტანდა - ეს მათთვის პრეზიდენტსა და მმართველ ძალას შორის არსებული დაპირისპირების მორიგი მაგალითია.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ისტორიულ გამარჯვებაში წვლილი მიუძღვის ყველას, მთელ გუნდს, შესაბამისად, ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მათთვის მიუღებელია. საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ აპოლიტიკური საკითხის, პრეზიდენტის მხრიდან, პოლიტიზება პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას ემსახურება.

მას მერე, რაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და საქართველოს ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, მთავრობამ და პარლამენტის თავმჯდომარემ 27 მარტს, ნაკრების, სამწვრთნელო შტაბისა და ფედერაციის ხელმძღვანელობის ღირსების ორდენით დაჯილდოების ინიციატივა გააჟღერეს. ოფიციალური წერილით, მათ პრეზიდენტს 4 აპრილს მიმართეს. სალომე ზურაბიშვილის განკარგულება კი მხოლოდ ახლა გასაჯაროვდა - მას მერე, რაც პრეზიდენტი მმართველმა ძალამ დაგვიანებული რეაგირების გამო გააკრიტიკა.

დღის ამბები