25 ნოემბერი 2024,   07:00
ვრცლად
ბრძოლა მშვიდობისთვის ფრონტის ხაზსა და საერთაშორისო ასპარეზზე - უკრაინა მსოფლიოს შვეიცარიიდან საკუთარ მშვიდობის ფორმულას აცნობს

ბრძოლა მშვიდობისთვის ფრონტის ხაზზე და საერთაშორისო ასპარეზზე - უკრაინა მსოფლიოს შვეიცარიიდან საკუთარ მშვიდობის ფორმულას აცნობს.

გზა მშვიდობისკენ გრძელია და ერთად გასავლელი. ამ გზამ დღეს მსოფლიო შვეიცარიაში შეკრიბა და შესაძლოა, მომავალმა თაობამ ბიურგენშტოკის მშვიდობის სამიტი უკვე ისტორიის წიგნებშიც ამოიკითხოს, როგორც რუსეთ-უკრაინის ომის სამშვიდობო დარეგულირების პირველი სიგნალი. სწორედ ეს ამბიცია აქვთ მასპინძლებსაც და ორგანიზატორებსაც, რომლებმაც 100-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი შეკრიბეს.

რუსეთის დასწრება სამშვიდობო პროცესის უკვე მეორე ნაწილია. პირველი ნაწილი საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებაა ზელენსკის მშვიდობის ფორმულის საყოველთაო პუნქტებზე 1) ბირთვულ უსაფრთხოებაზე 2) სასურსათო უსაფრთხოებასა და 3) პატიმრების ჰუმანიტარულ გაცვლაზე. ამ საკითხებით დაინტერესებულია არა მხოლოდ ევროპა და ამერიკა, არამედ - ბრაზილიაც, ინდოეთიც, სამხრეთ აფრიკაც, საუდის არაბეთი და სხვები, რომლებმაც დღეს შვეიცარიაში ყოფნა გადაწყვიტეს.

ისტორიას წერს პუტინიც, თუმცა იმპერიალიზმის ჟანრში. სამიტამდე ერთი დღით ადრე, აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი საგარეო უწყებას ეწვია და საკუთარი ულტიმატუმები კიდევ ერთხელ გააჟღერა. თქვა, რომ, თუ მსოფლიოს რუსეთის სამშვიდობო პროცესში ჩართვა სურს, უკრაინამ მისი კუთვნილი ტერიტორიები უნდა დატოვოს და თან ნატოს წევრობაზე თქვას უარი. კიევს ამაზე მყისიერი პასუხი ჰქონდა.

უკრაინაზე ულტიმატუმები არ მოქმედებს, აღნიშნავენ კიევში და პუტინის ამ განცხადების კრიტიკაში ბევრი თანამოაზრეც ჰყავთ. ასეთია ოლაფ შოლციც, რომელსაც, მართალია, პუტინთან რაიმე კონკრეტულზე საუბრის გამორიცხვა არ სურს, თუმცა წარმოუდგენლად მიაჩნია იმის განხილვაში შესვლა, რაც პუტინისგან გუშინ მოისმინა. “აგრესორი ცეცხლის შეწყვეტის პირობებს ვერავის უკარნახებს” - აღნიშნავენ ბრიუსელშიც.

მშვიდობის სამიტზეა საქართველოს პრეზიდენტიც. 100-ზე მეტ მსოფლიო ლიდერთან ერთად კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხზე სამსჯელოდ სალომე ზურაბიშვილიც ბიურგენშტოკში ჩავიდა და იქ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი , ანდრეი იერმარკი და ვიცე - პრემიერი, იულია სვირიდენკო ესწრებოდნენ. საქართველოსა და უკრაინის ადგილი ევროპაშია” - აღნიშნავს ზურაბიშვილი და ხაზს უსვამს, რომ, თბილისი იქნება ეს, კიევი, თუ ზოგადად, რეგიონი, მშვიდობა აუცილებელია. ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ომში ტყვედ ჩავარდნილი ქართველის, მამუკა გაწერელიას საკითხიც დააყენა, რაზეც ზელენსკიმ მზადყოფნა დაუფიქსირა. პრეზიდენტის ვიზიტი შეფასდა მმართველ გუნდში.

მშვიდობის საინაუგურაციო სამიტი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და საბოლოო კომუნიკეთი დასრულდება, რომელსაც 60-მდე ქვეყნის ლიდერი, 30-მდე ქვეყნის დიპლომატი და 10-მდე ორგანიზაცია გაიზიარებს.

 

დღის ამბები