25 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
ევროპის ჩემპიონატი დაიწყო - უეფას ევროპის ჩემპიონატის თასის აღმართვის ამბიცია 24 ქვეყნის ეროვნული ნაკრების ასობით ფეხბურთელს აქვს

ევროპის ჩემპიონატი დაიწყო - უეფას ევროპის ჩემპიონატის თასის აღმართვის ამბიცია 24 ქვეყნის ეროვნული ნაკრების ასობით ფეხბურთელს აქვს.

ტურნირი გრანდიოზულია - შესაბამისი იყო მისი სამზადისი და გახსნის ცერემონიაც, რომლის ეფექტურად ჩასატარებლად გერმანიაში ბევრი იშრომეს და თითოეული დეტალი დაამუშავეს. "ალიანს არენაზე" გამართული შოუს ვიზუალით და ხასიათით შეეცადნენ, ეჩვენებინათ, თუ რამდენად ეფექტურია მრავალფეროვნება ერთ სივრცეში. ცენტრალური სიმბოლო, ამ შემთხვევაშიც, ევროპის ჩემპიონატის თასი იყო. ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩის მონაწილეებმა, შოტლანდიისა და გერმანიის ნაკრებებმა ჰიმნები სწორედ მის ფონზე განლაგებულებმა შეასრულეს.

მასპინძელმა პირველი სიტყვა ხმამაღლა თქვა. გერმანიის ნაკრებმა, რომელსაც, ესპანეთთან ერთად, ეს ტურნირი ყველაზე მეტჯერ - სამჯერ აქვს მოგებული, შოტლანდია უშანსოდ, ანგარიშით 5-1 დაამარცხა. ასე გაიხსნა ჯგუფური ეტაპი, რომლის ფარგლებში 6 სხვადასხვა ჯგუფში გადანაწილებული ნაკრებებიდან მომდევნო კვირების განმავლობაში ზოგს ფავორიტის სტატუსის გამართლება მოუწევს, ზოგს კი მოუწევს, დაამტკიცოს, რომ აუტსაიდერად სულ ტყუილად მიიჩნევდნენ.

ყველასგან განსხვავებული სტატუსი აქვს ერთ გუნდს, რომლისკენაც ახლა ისეა ყურადღებაა მიმართული, როგორც არასდროს. ეს არის ტურნირის ერთადერთი დებიუტანტი - საქართველოს ეროვნული ნაკრები.

თბილისში, 26 მარტს გათამაშებული დიდი დრამის, საბერძნეთის პენალტების სერიით დამარცხების და დაუვიწყარი ემოციების შემდეგ, გუნდი, ისტორიაში პირველად, სულ რაღაც 3 დღეში, ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში პირველ ოფიციალურ შეხვედრას თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.

ქართველი ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბთან ერთად, ახლა სწორედ ამ რთული მატჩისთვის ემზადებიან.

ვარჯიშები, განხილვები, დრო აღდგენისა და დასვენებისთვის - ახლა ყოველი საათი გაწერილია იმისთვის, რომ გუნდი, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. საუკეთესოდ მოემზადოს.

გარკვეული დრო ეთმობა მედიასთან შეხვედრებს, ინტერვიუებსა და ფოტოსესიებს. გამონაკლის შემთხვევებში, არის გულშემატკივართან შეხვედრის ეპიზოდებიც.

გერმანიაში საქართველოს ნაკრების გულშემატკივრის სიმრავლე შესამჩნევია. უშუალოდ თამაშებზე დასასწრებად კი ათასობით ქომაგი საქართველოდან უკვე დარაზმულია. მათ, ვინც გერმანიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს, ერთად გულშემატკივრობა და ემოციების გაზიარება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაგეგმილ ჩვენებებზე შეეძლებათ.

 

დღის ამბები