შვეიცარიაში გლობალური მშვიდობის სამიტი იწყება. ადგილზე უკრაინის პრეზიდენტი და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი უკვე ჩავიდნენ, ასევე - მსოფლიო ლიდერთა ნაწილიც. ორდღიან სამიტს 100-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება. იმსჯელებენ ბირთვულ და სასურსათო უსაფრთხოებაზე.
"ჩვენ არ ვართ შორის იმ ადგილიდან, სადაც მე-15 საუკუნეში მშვიდობის შეთანხმება დაიდო, რაც შვეიცარიის ისტორიისთვის საეტაპო აღმოჩნდა. დღეს ჩვენი მიზნები უფრო მოკრძალებულია. ჩვენ არ შეგვიძლია, ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ან უკრაინისთვის მშვიდობა გამოვაცხადოთ, თუმცა გვსურს, შთავაგონოთ პროცესი გრძელვადიანი მშვიდობისთვის და გადავდგათ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები. მსოფლიოში, უკრაინის ომის გარდა, კიდევ ბევრი საკითხია, რომელიც მდგომარეობას ართულებს. ჩვენთვის, სხვების მსგავსად, ეგზისტენციალურ ინტერესს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის პრინციპები, რომელიც რუსეთის შეტევის გამო უხეშად დაირღვა და ეს ყველას შეგვეხო. თუ ჩვენ გვსურს სამშვიდობო პროცესის შთაგონება, გარკვეულ დროში რუსეთი აუცილებლად უნდა ჩაერთოს მასში. ეს ყველასათვის ნათელია. როგორც საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენ შეგვიძლია მოვამზადოთ საფუძველი პირდაპირი საუბრებისთვის ომის მონაწილე მხარეებს შორის. იმედია, საერთო გაგებამდე მივალთ იმ ჩარჩოს ირგვლივ, რომლითაც ამ მიზანს მივაღწიოთ. გვსურს, ვიმსჯელოთ, როგორ და რა გარემოებებში ჩაერთვება სამშვიდობო პროცესში უკვე რუსეთი. ერთად გადავდგათ საერთო ინტერესისკენ მიმართული პირველი ნაბიჯი," - აღნიშნა შვეიცარიის პრეზიდენტმა ვიოლა ამჰერდმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ აღნიშნული სამიტით ისტორია დაიწერება:
"დღეს ჩვენი საერთო წარმატების დღეა, რადგან მოვახერხეთ და დიპლომატიას შანსი მივეცით. უკრაინას არასდროს სურდა ეს ომი, ეს არის დანაშაული და აბსოლუტურად არაპროვოცირებული აგრესიაა რუსეთის მხრიდან. ერთადერთი, ვისაც ის უნდოდა, იყო პუტინი. მაგრამ ახლა მსოფლიო უფრო ძლიერია, ამიტომაც დაიბადა მშვიდობის ფორმულა - მსოფლიოს უდიდესი ნაწილის ერთიანობისა და მშვიდობის ფორმულა - საერთაშორისო სამართლის სასარგებლოდ. ჩვენ მოვახერხეთ 101 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მოწვევა პირველ საინაუგურაციო მშვიდობის სამიტზე. ბევრმა სხვა ქვეყანამაც უპასუხა მშვიდობის კეთებისკენ მიმართულ იმპულსს. მიუხედავად იმისა, რომ აქ არ არიან, ჩვენი გზავნილი ომის დასრულებისა და მშვიდობის დამკვიდრების შესახებ მაინც წარმატებულად უნდა ჩაითვალოს. მსოფლიოს აქვს ძალა - ყველას მადლობა დახმარებისთვის. სამიტზე მსოფლიოს ყველა კონტინენტი - დიდი თუ პატარა ქვეყანაა წარმოდგენილი. მათი იდეები ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. სამიტის შეთანხმებები იქნება სამშვიდობო პროცესის ნაწილი, რაც ყველას გვჭირდება. მჯერა, რომ ამ სამიტით ისტორიას დავწერთ. დაე, მშვიდობა რაც შეიძლება მალე დამკვიდრდეს,"- განაცხადა ზელენსკიმ.