ვის არ ერგო ღირსების ორდენი ისტორიული გამარჯვებისთვის - ირკვევა, რომ სალომე ზურაბიშვილმა, წარდგენილი 53 მონაწილიდან, ჯილდოს ღირსად ყველა არ მიიჩნია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ ჩამონათვალიდან ამოღებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის - ფედერაციის ვიცე პრეზიდენტები, მწვრთნელებისა და პერსონალის ნაწილი, ასევე - ტექნიკური დირექტორი. მათი სახელები და გვარები პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაგზავნილ წერილში წერია, თუმცა არ წერია პრეზიდენტის განკარგულებაში.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ, თუ პრეზიდენტი ქართული სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოს ევროპის ჩემპიონატის წინ ნაკრების წევრებზე არ გასცემს, გუნდის დემორალიზებას მოახდენს:
"სამწუხაროა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ქართული სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდო მისი საკუთრებაა და შეუძლია, თავისი გემოვნების მიხედვით ის გასცეს, ან არ გასცეს. საქართველოს პრეზიდენტი ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენლად იქცევა. კარგად დაფიქრდეს და გაიაროს, რომ ჩვენი ბიჭების, ჩვენი ვარსკვლავების წარმატება ასე ციდან არ ვარდება, როგორც ვარსკვლავები ვარდებიან ხანდახან ციდან. ეს არის დაშენებული ძალიან ბევრი ადამიანის შრომაზე. ის თუ ისე მოიქცევა, როგორც ახლა არის განზრახული, ამით მოახდენს ნაკრების დემორალიზებას და ეს იქნება ლახვრის ჩაცემა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ განსაკუთრებული ბრძოლის ზღვარზე ვიმყოფებით,"- აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.