3 საათი ევროპის მე-17 ჩემპიონატის გახსნამდე - 10-დან პირველი სტადიონი, სადაც პირველი მატჩი გაიმართება მიუნხენის "ალიანს არენაა."
დღეიდან ევროპის 24 საუკეთესო ნაკრები UEFA-ს მთავარი პრიზისთვის - ანრი დელონეს თასისთვის იბრძოლებს, მათ შორის არის საქართველო.
პირველად ისტორიაში, კონტინენტის უმთავრესს საფეხბურთო ტურნირზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდება. ევროფორუმის დებიუტანტი ქვეყანაც და მისი ფეხბურთელებიც კარგ ხასიათზე არიან. ოცნება ახდა, მაგრამ საქართველოს ახლა ახალი ოცნება აქვს: ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გასვლა.
"ამით არაფერი მთავრდება - ჩვენ აქ მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩამოვსულვართ" - ეს ხვიჩა კვარაცხელიას სიტყვებია, რომელმაც ნაკრების მთელი განწყობა გადმოგვცა. ფავორიტები სხვები არიან. სახელდება: ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, თუმცა სიურპრიზებს სპორტული მიმომხილველები დებიუტანტი საქართველოდანაც ელოდებიან.
რა კვალს დატოვებს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე? - ათვლა 18 ივნისიდან იწყება. მანამდე კი მსოფლიოს ყურადღება მიმართულია ბავარიის მთავარი სტადიონისკენ, სადაც მასპინძელი გერმანია შოტლანდიას ხვდება.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი