25 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
ყოფილი პოლიციელს, დანაშაულის ჩადენიდან 7 წლის შემდეგ, ხელბორკილები დაადეს - არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი დანაშაულს არ აღიარებს

ყოფილ პოლიციელს, დანაშაულის ჩადენიდან 7 წლის შემდეგ, ხელბორკილები დაადეს. სიღნაღის რაიონული სამმართველოს გამომძიებელს ბრალის არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალი ოფიციალურად წარედგინა და სასამართლომ წინასწარი პატიმრობაც შეუფარდა.

გიორგი ნოზაძე სასამართლოს, თითქმის ერთი საათის განმავლობაში, საკუთარ უდანაშაულობას უმტკიცებდა. არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი მოსამართლეს არწმუნებდა, რომ წინასწარი პატიმრობის შეფარდების საჭიროება არ არსებობდა. ნოზაძეს გამოძიება 7 წლის წინ მომხდარ ინციდენტს ედავება, რა დროსაც ადმინისტრაციული წესით დაკავებულ მოქალაქეს, ვლადიმერ მჭედლიშვილს, სიღნაღის პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოსამართლემ არ გაიზიარა ბრალდებულის მტკიცება, რომ ვლადიმერ მჭედლიშვილმა, დაკავების მომენტში, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც შესაძლოა დაზიანებები მიადგა. ამ ვერსიას გამორიცხავს საქმეში მტკიცებულების სახით არსებული ვიდეოთვალის ჩანაწერებიც, სადაც ჩანს, სიღნაღის ცენტრში ლუდის სმის გამო, ახალგაზრდა მამაკაცის დაკავების და იქვე მდებარე პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის პროცესი. ხელახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლემ ყოფილ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ვლადიმერ მჭედლიშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე გამოძიება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხელახლა ჩატარდა. სტრასბურგში დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ სამართალდამცველი ადმინისტრაციული წესით დაკავებულ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა. 7 წლის წინ ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევებით დასტურდება, რომ პოლიციის განყოფუილებიდან გამოსულ ვლადიმერ მჭედლიშვილს სხეულზე არაერთი დაზიანება, მათ შორის ნეკნების მოტეხილობები აღენიშნებოდა.

7 წლის წინ, პოლიციის განყოფილებაში მომხდარი ძალადობის გახსენება დაზარალებულს აღარ სურს. მის ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა.

თავად გიორგი ნოზაძემ პოლიციის რიგები ჯერ კიდევ სამი წლის წინ დატოვა. "კურიერს" დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუმარტეს, თუ რის საფუძველზე გადაიხედა მის მიმართ გამოძიება. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება და საქმეზე მოპოვებული ახალი მტკიცებულები ყოფილი პოლიციელის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნაში აისახა.

საქმის ხელახალი გამოძიების გარდა, სახელმწიფომ დაზარალებულ ვლადიმერ მჭედლიშვილს მორალური ზიანისთვის 3000 ევროც გადაუხადა.

დღის ამბები