"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკვე წარედგინა. "ქართული ოცნება" მეცხრე ვეტოს დასაძლევად ემზადება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ნებისმიერი ბერკეტი, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას საშუალებას აძლევს ცესკო-ს საქმიანობის საბოტაჟი მოახდინოს, საფრთხის შემცველია.
"ვინაიდან, პოლიტიკური პარტიების ბალანსი და არაპოლიტიკური წევრების ბალანსიც მიუთითებს იმაზე, რომ ნებისმიერი ტექნიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში, შეუძლია ოპოზიციას, მითუმეტეს იმ სტრატეგიით, რომელსაც იგი ატარებს, საბოტაჟის რეჟიმზე გადაიყვანოს თავისი საქმიანობა და ცესკო-ს მიერ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა შეაჩეროს.
გადაწყვეტილების მიმღები ნახევარზე მეტი უნდა იყოს და არა 2/3, რადგან ნებისმიერი ბერკეტი, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას საშუალებას აძლევს, ცესკო-ს საქმიანობის საბოტაჟი მოახდინოს, არის საფრთხე, რომელიც რეალურად დგას." - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
ცვლილების თანახმად, თუ ცესკოში დადგენილებებმა და საკადრო გადაწყვეტილებებმა წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მათი მიღება ხელახალ კენჭისყრაზე უბრალო უმრავლესობით იქნება შესაძლებელი.