კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში, სახელგანთქმული ქართველი კომპოზიტორის, მერი დავითაშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის - "და ესე გავხდი საბავშვო“, პრემიერა გაიმართა. ფილმის რეჟისორია დიმიტრი ბუთლიაშვილი.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. საღამოს ასევე ესწრებოდნენ კომპოზიტორის ოჯახის წევრები, ახლობლები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.
დოკუმენტური ფილმის "და ესე გავხდი საბავშვო“ დასრულება კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. კერძოდ, პროექტმა გაიმარჯვა კონკურსში - "დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“. ამ კონკურსის მიზანია სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური კინოს განვითარების მხარდაჭერა და თავისუფალი ხელოვანების/კერძო სტუდიების შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება.
ფილმი წარმოაჩენს ბრწყინვალე საბავშვო კომპოზიტორის, მერი დავითაშვილის, ცხოვრებასა და მის, ბევრისათვის საყვარელ და ნაცნობ, მუსიკალურ შემოქმედებას.
მერი დავითაშვილი 1973 წლიდან იყო თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი (1994), ასოცირებული პროფესორი (2006).