ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიერ რეგიონებში დაანონსებული შეხვედრები, რომელიც NDI-სა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება, პოლიტიკური დისკუსიის თემაა.
როგორც "ხალხის ძალაში" აცხადებენ, მათი ამ დრომდე გაკეთებული განცხადებები ეტაპობრივად მართლდება, რაც, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ოპოზიციური ძალების წახალისებასა და მათ დახმარებას ეხება:
"რაც დრო გადის, მით უფრო ბევრი მტკიცებულება გროვდება იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ, "ხალხის ძალა" ჩვენს განცხადებებში ვამბობდით. წარმოიდგინეთ, NDI ვითომ უნდა იყოს არჩევნებზე დამკვირვებელი და ამ დროს აფინანსებს რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიას რეგიონებში, რა თქმა უნდა, ის ღიად უჭერს მხარს და ახალისებს რადიკალური ოპოზიციის ქმედებებს.
როდესაც შენ ხარ საერთაშორისო ორგანიზაცია და ამბიცია გაქვს იყო ობიექტური დამკვირვებელი, როგორ შეიძლება რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია დააფინანსო. ასეთი მტკიცებულებები რაც მეტი იქნება, მით უფრო მარტივი იქნება არჩევანის გაკეთება ოქტომბერში ხალხისთვის," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი.
"პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის" - ასე ჰქვია კამპანიას, რომლის ფარგლებშიც, შეხვედრები 17 ივნისიდან 5 ქალაქშია დაგეგმილი.