25 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

ეკონომიკის სამინისტრო მედიის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს.

უწყების ცნობით, გავრცელებული ცნობები არის დაუზუსტებელი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ზოგიერთი მედია საშუალების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფოს ბალანსზე რიცხულ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაში არსებული 17 სატრანსპორტო საშუალების შესახებ.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2022 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის რეკომენდაციის საფუძველზე მოსაკვლევ სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 15-ვე სატრანსპორტო საშუალების თაობაზე დეტალური ინფორმაცია წარადგინა.

კერძოდ, 15 სატრანსპორტო საშუალებიდან სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე, 6 ერთეული გადაცემულია სახელმწიფო უწყებებზე. ასევე, 6 მათგანი, სხვადასხვა წლებში, გასხვისდა ელექტრონულ აუქციონზე. დარჩენილი 3 განთავსებულია სხვადასხვა ავტოსადგომზე, მათ შორის ერთი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცენტრალური ოფისის ტერიტორიაზე.

ხაზგასასმელია ის გარემოება რომ აღნიშნული 15 სატრანსპორტო საშუალებიდან 13 არის სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა, ხოლო სახელმწიფო უწყებებზე (მუნიციპალიტეტები, სამაშველო სამსახურები) გადაცემულია შემდეგი მარკის სატრანსპორტო საშუალებები (MTZ Belarus 82.1, FIAT 850 DT-1, UAZ 39629 (2 ერთეული), SUZUKI JIMNY 1.3; CLAAS CERES 336).

რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელზე რეგისტრირებული ორი ერთეული სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციას, ისინი სამინისტროს ბალანსზე არ ირიცხება. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საკითხის გასარკვევად 2023 წელს მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების სამინისტროს სახელზე რეგისტრაცია განხორციელდა ფინანსთა სამინისტროს 2007 წლის 7 მაისის No1-1/716 ბრძანების და კერძო პირის 2007 წლის განცხადების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული ქონება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არ გადმოსცემია.

აქედან გამომდინარე, ცალკეული მედია საშუალებების მეშვეობით გავრცელებული ცნობები არის დაუზუსტებელი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას," - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

დღის ამბები