13 ივნისის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა - დღე, რომელმაც 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 2 კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. 2015 წლის 13 ივნისს უხვმა ნალექმა ძლიერი სტიქია გამოიწვია, ადიდებულმა მდინარე ვერემ მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, დაზიანდა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა. მოვარდნილმა წყალმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, ხიდები, გზები, გვირაბები, მთლიანად დაიტბორა "მზიურის" პარკისა და ზოოპარკის ტერიტორია.
სტიქიას ზოოპარკის 3 თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაიღუპა 300-ზე მეტი ბინადარი. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 13 მგელი და 6 დათვი აღმოჩნდა. სტიქიის სიმბოლო გახდა ქუჩაში მოსეირნე ბეჰემოთი ბეგიც. სტიქიის გამო უსახლკაროდ დარჩა რამდენიმე ათეული ოჯახი.
მოქალაქეები და ხელისუფლების წევრები დღესაც 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან შეიკრიბნენ და ის ყვავილებით შეამკეს.