უკრაინაში, კრივი-რიჰზე რუსეთის საჰაერო თავდასხმას ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოცდაცხრა დაშავებულს შორის ხუთი ბავშვია. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ოთხ ადამიანს ეძებენ. სამოქალაქო ინფრასტრუქტურას რუსეთმა კასეტური ბომბებით დაარტყა. უკრაინის პრეზიდენტი მშობლიურ ქალაქში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.
ფრონტზე არსებული რთული ვითარების გამო მოკავშირეები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების და უსაფრთხოების გარანტიების შექმნაზე მსჯელობენ, "დიდი შვიდეული"-ს სამიტზე ვაშინგტონი და ტოკიო კიევთან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს. იზრდება მხარდაჭერა ბრიუსელიდანაც. "ნატო"-ს მინისტერიალზე ქვეყნებმა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე რეაგირების მექანიზმებზე იმსჯელეს. ამერიკა, გერმანია და ნიდერლანდები "პეტრიოტის" ტიპის სისტემებს კიევისთვის გადასაცემად უკვე ამზადებენ.
2024 წლის ბოლომდე უკრაინა 50 მილიარდ დოლარს მიიღებს, თანხას "დიდი შვიდეულის" წევრი სახელმწიფოები რუსული გაყინული აქტივებით აანაზღაურებენ. ევროკავშირის ქვეყნებმა, ინგლისმა, ამერიკამ, კანადამ და იაპონიამ რუსეთის კუთვნილი 300 მილიარდი დოლარის სანქცირება შეძლეს. თანხა უკრაინის აღდგენას მოხმარდება. გადაწყვეტილება აშშ-ს სახდეპმაც მიიღო და დღეს რუსეთის სამხედრო ეკონომიკასთან დაკავშირებული 300 იურიდიული და ფიზიკური პირი დაასანქცირა, რუსეთის სამთავრობო საფინანსო ინსტიტუციებს აშშ-თან ერთად სანქციები ბრიტანეთმაც დაუწესა. შედეგად რუსეთში საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა და ანგარიშსწორება დოლარსა და ევროში შეჩერებულია.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე