25 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
რატომ არ გადასცა პრეზიდენტმა ამ დრომდე ღირსების ორდენები ისტორიული გამარჯვების შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს - სალომე ზურაბიშვილმა ბრალდებების საპასუხოდ განცხადება საღამოს გაავრცელა

პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, აპრილის დასაწყისში წარდგინებით მიმართეს პრეზიდენტს, რათა ისტორიული სპორტული მიღწევისთვის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენებით დაჯილდოებულიყვნენ. მიმართვიდან 70 დღე გავიდა, თუმცა ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს პრეზიდენტის ჯილდო ამ დრომდე არ მიუღიათ. ეროვნული ნაკრების წევრებისთვის ღირსების ორდენის გადაცემის მნიშვნელობა, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, დედაქალაქის მერმა შეახსენა. კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ორბელიანების სასახლეში რამდენიმე თვის წინ გაგზავნილ წერილს, ზურაბიშვილის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

ბრალდებისთვის პასუხის გასაცემად, პრეზიდენტის ადმინისტრაციას თითქმის მთელი დღე დასჭირდა. დღის მეორე ნახევარში გავრცელებულ განცხადებაში კი წერია, რომ ღირსების ორდენისა და მედლების გადაცემის შესახებ განკარგულებები პრეზიდენტმა 23 მაისს გამოსცა, თუმცა შესაბამისი დოკუმენტი ვებგვერდზე ატვირთული ამ დრომდე არ არის. საიტზე გამოქვეყნებული ბოლო განკარგულება 18 მაისით თარიღდება.

ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადება არადამაჯერებელია მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დოკუმენტი, რომელიც წესით აქამდეც უნდა გასაჯაროებულიყო, რეალურად არ არსებობს.

განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ოპოზიციაში, სადაც ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ფეხბურთელების რეპუტაცია ორდენებით არ იზომება. დანარჩენები კი განმარტებებს თავად ზურაბიშვილისგან ელოდებიან და ამბობენ, რომ პრეზიდენტი, სახელისუფლებო გუნდის თავდასხმის ობიექტი, განსხვავებული პოზიციების გამო გახდა.

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით ოფიციალური წარდგინება პრეზიდენტის მისამართზე, ჯერ კიდევ 4 აპრილს გაიგზავნა. ღირსების ორდენზე, სულ ისტორიული გამარჯვების 53 მონაწილე წარადგინეს, მათ შორის 26 ფეხბურთელი, სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები. პარლამენტის სპიკერი, რომელიც წარდგინების ერთ-ერთი ავტორია, ამბობს, რომ ზურაბიშვილი ისევ სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

წერილობით მიმართვას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის განცხადება. ირაკლი კობახიძემ ეროვნული ნაკრებისთვის ღირსების ორდენის გადაცემის ინიციატივა, რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილი სცენიდან, ისტორიული გამარჯვების დღეს გაახმოვანა.

ევროპის საგზურის მოპოვების შემდეგ, ეროვნული ნაკრები მორიგი რაუნდისთვის ემზადება. ხვალ ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნება, ქართველი ფეხბურთელები კი მეტოქეებს 18, 22 და 26 ივნისს დაუპირისპირდებიან.

დღის ამბები