ახალი არაა რა ზეწოლები ხდებოდა უნივერსიტეტებზე, სკოლებზე და სკოლის მასწავლებელზე, დღემდე ვერ გამოდიან იმ ბურუსიდან და ჰგონიათ, რომ ჩვენც ასე ვმართავთ ამ ყველაფერს, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სკოლის დირექტორები სამეურვეო საბჭომ თავად აირჩია და დასძინა, რომ "რაღაცას აპროტესტებდნენ, მაგრამ ერთ კანდიდატზე ვერ თქვეს, რომ ან არაკვალიფიციური წარადგინეს ან პოლიტიკურად ანგაჟირებულიო."
როგორც ამილახვარმა აღნიშნა, ოპოზიციას ჰგონია, რომ განათლების მინისტრი სტუდენტების ნაკადების მმართველიც უნდა იყოს, რადგან თვითონ ამ ყველაფერს აკეთებდნენ.
"ახალი არაა რა ზეწოლები ხდებოდა უნივერსიტეტებზე, სკოლებზე და სკოლის მასწავლებელზე, დღემდე ვერ გამოდიან იმ ბურუსიდან და ჰგონიათ, რომ ჩვენც ასე ვმართავთ ამ ყველაფერს. ერთ-ერთი ტელეარხი არაფრიდან გამოწოვილ სიუჟეტებს აკეთებდა, რომ მინისტრს ახლა გაუშვებენ, თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, იმიტომ, რომ სტუდენტების ნაკადები ვერ მართაო. არ ვიცი, ახლა განათლების მინისტრი ჰგონიათ, რომ სტუდენტების ნაკადების მმართველიც უნდა იყოს. რატომ ჰგონიათ? იმიტომ, რომ თვითონ აკეთებდნენ ამ ყველაფერს და ჰგონიათ, რომ ჩვენ ამ მეთოდებით ვმუშაობთ.
სკოლის დირექტორებს რაც შეეხება - დღენიადაგ სულ ამით იყვნენ დაკავებული წინა კონკურსების დროს. 820 სკოლაში წარვადგინეთ დირექტორობის კანდიდატები, არც ერთი დისკრედიტაცია არ გამომიყენებია, ყველა სამეურვეო საბჭომ თვითონ აირჩია, ზოგადად, რაღაცას აპროტესტებდნენ, მაგრამ ერთ კანდიდატზე ვერ თქვეს, რომ ან არაკვალიფიციური წარადგინეს, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული, ან ა.შ. ეს ახლა ის მეთოდები იყო და აღარ მიყვარს უკვე ამ წარსულზე ლაპარაკი, რომლისგანაც ჩვენი სისტემა 12 წელია უკვე გამოვიდა," - განაცხადა ამილახვარმა.
ცნობისთვის, პარლამენტში განათლების მინისტრის მოსმენა ოთხ საათს გაგრძელდა - კითხვა პასუხის ეტაპს ორი ოპოზიციონერი დეპუტატი დაესწრო, შესაბამისად, მათგან ორი კითხვა დაისვა, სხვა კითხვების ავტორი საპარლამენტო უმრავლესობა იყო. კანონმდებლები ძირითადად სკოლებში მიმდინარე და შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებით დაინტერესდნენ, კითხვები დაისვა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალ დოკუმენტთან დაკავშირებითაც.