პოლონეთი არ არის თანახმა, საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებული "პეტრიოტის" სისტემები უკრაინას გადასცეს, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ცეზარი ტომჩიკმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"პოლონეთის "პეტრიოტები" იცავენ პოლონეთის ცას და ეს არ შეიცვლება", – წერს ტომჩიკი.
გერმანია კი უკრაინას Patriot-ის საკუთარი მარაგის მეოთხედს გადასცემს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
"ეს არის ჩვენი საკუთარი რეზერვების მეოთხედი, მეტის გადაცემის შესაძლებლობა არ არსებობს", - აღნიშნა პისტორიუსმა.
მისივე თქმით, გერმანიამ წამოიწყო ინიციატივა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, რომელმაც უკვე მიაღწია გარკვეულ წარმატებას, მაგრამ გაუმჯობესება კიდევ არის შესაძლებელი.
"იმედი მაქვს, რომ უკრაინა მალე მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს. ჩვენ შეგვიძლია სამი "პეტრიოტი" გადავცეთ. ეს ჩვენი სიმძლავრის მეოთხედია. აქედან გამომდინარე სხვა ქვეყნებმაც თითო "პეტრიოტი" უნდა გამოყონ. ვაგრძელებთ მუშაობას. არ არის აუცილებელი ყველა სისტემა "პეტრიოტი" იყოს. შესაძლებელია სხვა კომპლექსების გადაცემაც. უკრაინას საჰაერო სივრცის დასაცავად ნებისმიერი სისტემა დაეხმარება", - განაცხადა ბორის პისტორიუსმა.