პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა “ღამის კურიერის“ ეთერში “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა.
მისი თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ გამჭვირვალობა არის საყოველთაოდ აღიარებული მოცემულობა, მაშინ რატომ არ არის ეს მოცემულობა საყოველთაოდ აღიარებული საქართველოსთვის.
“ჩვენ გვეუბნებიან, რომ სახელმწიფო ყველაფერში უნდა იყოს 100%-ით გამჭვირვალე, ვუყურებთ საერთაშორისო რეიტინგებს, რომ საქართველო მართლაც ლიდერი ქვეყანაა გამჭვირვალობის ყველა მიმართულებით და წარმოგიდგენიათ, რომ გეუბნებიან არასამთავრობო სექტორი, რომელიც მთელს მსოფლიოში გამჭვირვალეა, თითოეული ცენტი არის საჯაროდ ცნობილი, ჩვენთან არ უნდა იყოს ცნობილი.
ესე იგი რა არის?! მართლაც უნდა ვაღიაროთ, რომ ჰიბრიდული ბრძოლის მექანიზმია, არასამთავრობო სექტორი?! ამ ფასეულობების წინააღმდეგ წასვლა რთულია. ეს პოლიტიკური ვნებათა ღელვა ჩაივლის და ფასეულობები თუ არ დარჩა მუდმივი, მაშინ რაღა ფასი აქვს იმ ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუ ორმაგი სტანდარტი გახდა ძალადობის იარაღი. ამას ისინიც აცნობიერებენ, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ხომ არ შეიძლება ძალადობა იქცეს პატარა ქვეყანასთან ურთიერთობის ფორმატი, რა განსხვავებაა მაშინ სხვისგან?! თუ გამჭვირვალობა არის საყოველთაოდ აღიარებული მოცემულობა, მაშინ რატომ არ არის ეს მოცემულობა საყოველთაოდ აღიარებული საქართველოსთვის. რამე დრაკონული კანონი მივიღეთ, ვიღაცას ვზღუდავთ, ვიღაცის საქმიანობაში ვერევით, ვიღაცის საქმიანობას კორექტირებას ვუწევთ, ვუკრძალავთ ვინმეს რამეს, პიროვნებას ვეხებით - არა.
აქ ლოგიკა მარტივია, მაგრამ როცა ამ ლოგიკაში გაყოლა რთულია, მაშინ ჩამოიკიდება ხოლმე ბანერი - პუტინის დავალებით დატყვევებული და სიკვდილის პირას მიყვანილი სააკაშვილი, რუსული სიზმრებით ნასაზრდოები კანონი, გავიღვიძებთ ტაგანროგში, დავიძინებთ კრემენჩუგში და ა.შ. არსი კორიანტელი აბსურდებისა და საზოგადოების კვება ამ აბსურდებით“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.