უკიდურესად უხერხულია და ამაზე შეგნებულად დამატებით კომენტარს არ გავაკეთებ - თინა ბოკუჩავა ნიკა მელიაზე
უკიდურესად უხერხულია - ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომელიც ენმ-ში მიმდინარე ცვლილებებს მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა.
ბოკუჩავას თქმით, მელიას დაპირება, რომ ოპოზიცია თავდაუსხმელობის რეჟიმში გადავიდოდა, რადგან წინ დიდი ბრძოლა ელით, არაგულწრფელი იყო.
“დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები, რომლებიც მის თანაგუნდელებად თვლიან თავს უკიდურესად იმედგაცრუებულები არიან ნიკა მელიას ამგვარი შეფასებებით. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ ადამიანებს, ისევე როგორც მე, ესმით ჯანსაღი კრიტიკის აუცილებლობა და მნიშვნელობა, მაგრამ როდესაც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“, პრეზიდენტ სააკაშვილზე, მის პარტიაზე, ან თუნდაც თინა ბოკუჩავაზე რუსეთი, ან ნებისმიერ კონტექსტში, რუსული აფილიაცია გახსენდება უკიდურესად უხერხულია და ამაზე შეგნებულად დამატებით კომენტარს არ გავაკეთებ, არც გამიკეთებია აქამდე, თუმცა ეს, ალბათ, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მისი მხრიდან საზოგადოების წინაშე დაპირება, იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაუსხმელობის რეჟიმში უნდა გადავიდეს ოპოზიცია, სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა, ამ კონკრეტული შემთხვევის შეფასების დროს არაგულწრფელი იყო.
ვიმედოვნებ, რომ ეს მისთვისაც წარსულში დარჩება იმიტომ, რომ წინ გველის დიდი ბრძოლა, რომლისთვისაც აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ იმიტომ, რომ ეს არის მოლოდინი საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, პარტია “ახალის“ თანათავმჯდომარე, ნიკა მელია “ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა და განაცხადა: პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად ქცევა, პოლიტიკურ პარტიაში, როგორც შპს-ში მენეჯერების დანიშვნა და მერე გადაიფშვნა, თუ რამეა რუსული ყაიდის ქართულ პოლიტიკაში სწორედ ესაა.