საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს წარმატება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პირადად უსურვა. სამუშაო ვიზიტით ბერლინში მყოფი ირაკლი კობახიძე ქვეყანაში დაბრუნებამდე დიუსელდორფში ჩავიდა და ქართველ ფეხბურთელებს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ სპორტსმენებთან იმ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, მათ შორის ყურადღება გაამახვილა თბილისში 70 000-ს მაყურებელზე გათვლილ, ახალი სტადიონის მშენებლობაზე და, ზოგადად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. გუნდი გერმანიის ქალაქ ფერბერტში უკვე მესამე დღეა იმყოფება. დღეს ვილი სანიოლის გუნდმა ღია ვარჯიში გამართა, რომელსაც გულშემატკივრებიც დაესწრნენ და ფეხბურთელები გაამხნევეს.
ეროვნული გუნდის წარმატებაში დარწმუნებულია თბილისის მერი და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი. კახი კალაძე ნაკრებს ამხნევებს და ამბობს, რომ ქართველი ფეხბურთელები ჯგუფური ეტაპის დაძლევასაც შეძლებენ და პლეიოფში ითამაშებენ.
ეროვნულ ნაკრებთან ერთად არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაც. ლევან კობიაშვილი ამბობს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დიდი პასუხისმგებლობაა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრების თითოეული ფეხბურთელი მზად არის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად იასპარეზოს.
ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. საქართველოსთვის ტურნირი 18 ივნისს თურქეთთან მატჩით დაიწყება. მომდევნო შეხვედრას ეროვნული ნაკრები 22 ივნისს ჩეხეთის, ბოლოს კი 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.