25 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი, ჯაშუშები, მაიდნის სცენარი, შიდა და გარე საფრთხეები - რა მთავარი გამოწვევები აქვს საქართველოს და საკითხები, რომელზეც ყურადღება გამახვილდა სუსის ანგარიში

სუსის ანგარიში პარლამენტში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშში ყველაზე დიდი დრო რუსულ ოკუპაციას და მის დამაზიანებელ შედეგებს ეთმობა. უწყების ხელმძღვანელმა, პარლამენტში ვრცელი მოხსენების დროს განსაკუთრებული აქცენტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ოკუპირებულ რეგიონებში გაზრდილ საფრთხეებზე გააკეთა. გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, გასულ წელს საოკუპაციო ძალის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების თამაზ გინტურისა და ვიტალ კარბაიას მკვლელობამ, უკანონო დაკავებებმა, ოჩამჩირის რეგიონში რუსეთის სამხედრო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის შექმნის დაანონსებამ - ქვეყნისთვის უსაფრთხოების გამოწვევები კიდევ უფრო გაზარდა. სპეცსამსახურის ხელმძღვანელმა ყურადღება ოკუპანტის მხრიდან ბიჭვინთის აგარაკების უკანონო მიერთების რეალურ მოტივზეც გაამახვილა.

რუსული ოკუპაციის პარალელურად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სავარაუდო რევოლუციური სცენარების იდენტიფიცირება და პრევენცია იყო. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან საქართველოს თავდაცვისა და საპოლიციო ძალების მიმართ გამოვლენილ ინტერესებზეც ისაუბრა. კიბერშეტევები, ჰიბრიდულ ომთან და უკანონო ბიზნეს მარშრუტებთან ბრძოლა 2023 წელს სუსის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იყო.

ტერორიზმი - გლობალური საფრთხე და გამოწვევა, რომელთან ბრძოლაც სუსისთვის გასულ წელს პრიორიტეტული იყო. უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დღეს დეპუტატებს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრების განეიტრალების შესახებ მოუყვა. ლილუაშვილის თქმით, ევროპისა და შეერთებული შტატების ქალაქებში დაგეგმილი სავარაუდო ტერაქტების შესახებ ინფორმაცია სუსმა პარტნიორებს ოპერატიულად მიაწოდა. უსაფრთხოების სამსახურმა დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კუთხით უწყება შტატებისა და ევროკავშირის საიმედო და მთავარი პარტნიორია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 53-გვერდიანი ანგარიში პლენარულ სხდომამდე დეპუტატებს ალექსი ბატიაშვილმა გააცნო. სამი კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე, სუსის უფროსის მოადგილემ საფრთხეებთან ერთად, ანტიკორუფციული სამსახურის მიღწევებზეც ისაუბრა. პოზიტიური საერთაშორისო ინდექსები და რეიტინგები ბატიაშვილის თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტურ საქმიანობაზე მეტყველებს.

საკომიტეტო და პლენარული მოსმენა დღეს ფაქტობრივად ოპოზიციის გარეშე წარმიმართა. “გირჩის“ წევრები და თეონა აქუბარდია - დეპუტატებიდან ანგარიშის მოსმენა მხოლოდ ამ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ისურვეს. აქუბარდია ოკუპაციის საკითხზე ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს იზიარებს, თუმცა ფიქრობს, რომ ქვეყანა საფრთხეების წინააღმდეგ ვერ რეაგირებს. კრიტიკულები იყვნენ დღეს ოპოზიციის ის წევრებიც, ვინც ანგარიშის წარდგენას არ დასწრებია

ოპონენტების მოსაზრებებს მანიპულაციურს, უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს კი საყურადღებოს უწოდებს მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს ოპონენტებს ხელისუფლების შეცვლის სცენარებთან დაკავშირებით ინფორმაციის კარგად წაკითხვა ურჩიეს. თქვეს ისიც, რომ ქართული სპეცსამსახური უსაფრთხოების გამოწვევებს ეფექტურად უმკლავდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 53-გვერდიანი ანგარიში პარლამენტში რეგლამენტის დაცვით გადააგზავნა. დღეს პლენარულ სხდომაზე კი დეპუტატებს დახურულ ფორმატში შესაძლებლობა ჰქონდათ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე თავად სუსის უფროსისგან მათ მიეღოთ.

დღის ამბები