სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, მიუღებელია სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან სანქციების ენით საუბარი, თუმცა იმედს იტოვებს, რომ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა დაიწევს და თანამშრომლობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
მისივე განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან უწყებათაშორისი კავშირი ერთი წუთითაც კი არ შეჩერებულა, და კვლავ იგეგმება თანამშრომლობის ახალი ეტაპები.
“განცხადების შინაარსში პირდაპირ იყო გადმოცემული, რომ ეს იყო კონფიდენციალური. რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო ტენდენცია კვლავ განმეორდა, რაც მოხდა მოსამართლეებთან მიმართებით, ეს არ არის ის ტონი, რითაც სტრატეგიულმა პარტნიორმა უნდა ისაუბროს, თუმცა იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პოლიტიკური დუღილი დაიწევს და დავუბრუნდებით პარტნიორულ ურთიერთობას, გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას. პოლიტიკური, თანამშრომლური კუთხით, უწყებათაშორის დონეზე, ჩვენი იდეალური პარტნიორობა გრძელდება, ერთი წუთთაც არ გაჩერებულა, უფრო მეტიც, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ურთიერთობა და ვგეგმავთ თანამშრომლობის ახალ ეტაპებს", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.