25 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
2023 წელს ადგილი ჰქონდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობას - გრიგოლ ლილუაშვილი

“2023 წელს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობას,“ - ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში, უწყების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, კონტროლზე იქნა აყვანილი უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან კავშირში მყოფი პირებისა და პირთა ჯგუფების მიერ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცალკეული ღონისძიებების ჩატარების მცდელობები.

“უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ, საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ მიმართული ღონისძიებების პრევენცია და განეიტრალება ჩვენი უწყებისთვის გასულ წელსაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა იყო.

როგორც აღვნიშნე, 2023 წელს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობას. ეს მცდელობები რამდენჯერმე დაფიქსირდა. აღნიშნული რისკების გასანეიტრალებლად, სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციით, გავატარეთ ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება, რითაც საბოლოო ჯამში, მოხერხდა ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების განვითარების თავიდან აცილება.

ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ 2023 წელს, ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან, ასევე, სოციალური ქსელების ადა ინტერნეტსივრცის გამოყენებით, დაფიქსირდა მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებები, რაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უკმაყოფილების მუხტის გაღვივებისა და დაპირისპირების პროვოცირების საფრთხეს ქმნიდა.

საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე უარყოფით გავლენას კვლავ ახდენდა ცალკეული ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკის ფარგლებში წარმოებული ღონისძიებები, ხოლო ფარული ოპერაციებისათვის აქტიურად გამოიყენებოდა, როგორც საქართველოში, ისე საკუთარ ქვეყნებში მოქმედი პოლიტიკური და სამეცნიერო წრეების, სხვადასხვა სახის ჯგუფების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ფონდების, კერძო სექტორის წარმომადგენელთა შესაძლებლობები.

ასევე, დაფიქსირდა მათ მიერ კონტროლირებადი ჯგუფების კონსოლიდაციისა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობები. ე.წ. რბილი ძალის გამოყენებით, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული დესტრუქციული საქმიანობის განეიტრალების მიზნით, კონტროლზე იყო აყვანილი უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან კავშირში მყოფი პირებისა და პირთა ჯგუფების მიერ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცალკეული ღონისძიებების ჩატარების მცდელობები, დავადგინეთ მათი ინტერესები, მიზნები და ამოცანები, მათი საქმიანობის შეზღუდვის მიზნით კი, კანონმდებლობის შესაბამისად, გავატარეთ კომპლექსური ღონისძიებები, რამაც შედეგი გამოიღო,“-აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი.

დღის ამბები