25 ნოემბერი 2024,   08:00
ვრცლად
ვადამდელი არჩევნები საფრანგეთში და პრემიერის გადადგომა ბელგიაში - როგორ აისახა ევროპარლამენტის არჩევნები ევროპის ცალკეულ ქვეყნებზე

ევროპის საარჩევნო პოლიტიკური დრამა - ასე შეაფასეს ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები ბრიუსელში, მაკრონისა და შოლცის პარტიების მარცხის შემდეგ. მონაცემების მიხედვით, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის პარტია ხმების 31.5%-ით ლიდერობს, რაც ორჯერ მეტია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის "რენესანსის" პარტიის შედეგებთან შედარებით. ამ მასშტაბის მარცხის შემდეგ, მაკრონმა მოახლოებული ოლიმპიადის წინ, მოულოდნელად, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები 30 ივნისს და 7 ივლისს ჩატარდება. მაკრონის გადაწყვეტილება ანალიტიკოსებმა ე.წ. რუსული რულეტკით თამაშს შეადარეს. ამ გზით საფრანგეთის პრეზიდენტი ცდილობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ძალაუფლება შეინარჩუნოს, თუმცა პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ მაკრონს მოუწევს ულტრამემარჯვენეებთან ისეთივე კოჰაბიტაცია დაამყაროს, როგორც ეს წლების წინ, ჟაკ შირაკის მმართველობის პერიოდში მოხდა. მიღებული შედეგებით მარინ ლე პენი კმაყოფილია და მოსახლეობას მადლობას უხდის.

რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ აპირებს გერმანია, სადაც მარცხის გამო, მაკრონის მსგავსად, შოლცის მთავრობასაც უმძიმესი ღამე ჰქონდა. შედეგების თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნებში ოლაფ შოლცის კოალიციის სამივე პარტია დამარცხდა. კანცლერის "სოციალ-დემოკრატიულმა" პარტიამ ხმების 14%-ით მესამე ადგილი დაიკავა. არჩევნებში ლიდერობს კონსერვატიული ბლოკი ხმების 30%-ით.

არჩევნებში წარუმატებლობის გამო თანამდებობას ტოვებს ბელგიის პრემიერ-მინისტრი. ალექსანდრე დე კროომ განცხადებაში თქვა, რომ ამ გზით ის პასუხისმგებლობას იღებს მისი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის მარცხზე. ევროპარლამენტის არჩევნებზე მემარჯვენე ნაციონალისტურმა "ახალმა ფლამანდიურმა ალიანსმა" პირველი ადგილი დაიკავა. პრემიერის პარტიამ ხმების, დაახლოებით, 6% აიღო. ეს ყველაზე დაბალი მონაცემია, რაც პარტიას აქამდე მიუღია.

ბელგიის მეფე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრე დე კროოს თანამდებობიდან გადადგომას დაეთანხმა. დე კროო პრემიერის მოვალეობას ახალი მთავრობის ფორმირებამდე შეასრულებს.

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს, რის გამოც ბუნდოვანია კითხვაზე პასუხი, თუ როგორ შეძლებენ ევროკავშირის მსხვილი სახელმწიფოები ბლოკში თავიანთი პოლიტიკის წარმართვას.

 

დღის ამბები