25 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
“ხუმარა“, “ნიანგი“, “თაგუნა“ და “ეშმაკის მათრახი“ - რა გზა გაიარა ქართული კარიკატურის ისტორიამ

კარიკატურები წლების განმავლობაში პრესის ფურცლებიდან პრესის ფურცლებზე გადადიოდა - პირველ იუმორისტულ გამოცემას “ხუმარა“ ერქვა. გაზეთმა საზოგადოებას თავი სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ნომრით დაამახსოვრა.

მეოცე საუკუნის ოციან წლებში თბილისში არაერთი კარიკატურული ჟურნალი გამოდიოდა, მხატვრები აშარჟებდნენ პრობლემებსა და იმ დროისთვის აქტუალურ ამბებს, პერსონებს.

თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატირულ-იუმორისტული ჟურნალი “ნიანგი“ იყო, რომლის გამოცემა 1923 წლიდან დაიწყო, თავდაპირველად თვეში ორჯერ გამოდიოდა.

სატირა და იუმორი ერთად მაშინ 20 კაპიკი ღირდა. ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, დავით კაკაბაძე - წლების განმავლობაში “ნიანგის“ ფურცლებიდან უამრავმა მხატვარმა თქვა თავისი სათქმელი.

ქართული კარიკატურის ისტორია მე-19 საუკუნეში იწყება. პირველი კარიკატურული ჟურნალი კი 1907 წელს გამოვიდა - “ხუმარა“ ყოველკვირეული უნდა ყოფილიყო, თუმცა როგორც ჩანს, მაშინ საზოგადოებას არ ეხუმრებოდა და მხოლოდ ერთმა ნომერმა ნახა დღის სინათლე. იუმორისტული ჟურნალის რედაქტორ-გამომცემელი აკაკი წერეთელი იყო. გაზეთებში მაშინ დაიწერა, რომ ნომრის დახურვის შემდეგ, მოხუცი რედაქტორი მეტეხის ციხის გზას გაუყენეს, თუმცა პატიმრობამ დიდხანს არ გასტანა და მეორე დღესვე გაათავისუფლეს.

“თაგუნა“ და “ეშმაკის მათრახი“ - ასე ერქვა იმ ორ გამოცემას, საუკუნის წინ ქართულ პრესაში ახალი ეპოქა რომ დაიწყეს. საუკუნის წინანდელი კარიკატურები შესამჩნევად მწვავე და გრაფიკულად დახვეწილია. კრიტიკა არ არის სიძულვილის შემცველი.

“ეშმაკის მათრახისთვის“ ხატავდნენ დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, შალვა ქიქოძე. კარიკატურები იქმნებოდა მექრთამეობის თემაზე, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე, ღალატზე, ოჯახურ დრამებზე, გაჭირვებაზე, პრობლემებზე, რომელიც თბილისაა და სხვა ქალაქების მოსახლეობას აწუხებდა. გაზეთები ჩიოდნენ თბილისში სისუფთავის ნაკლებობასა და გაუმართავ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე.

ნახატზე გადატანილი სატირა კი ჟურნალების ფურცლებმა სამუდამოდ შემოინახეს - იმოგზაურეთ იუმორის არქივში “კურიერი PS-თან“ ერთად.

დღის ამბები