25 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
246-დღიანი ტყვეობა 4 ადამიანისთვის დასრულებულია - "ცაჰალის" სპეცოპერაციის შედეგად "ჰამასის" გატაცებული ადამიანები უკვე უსაფრთხოდ არიან

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედროებმა ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი 4 ადამიანი გაათავისუფლეს. ტყვეობის 246 დღის შემდეგ, შვიდ ოქტომბერს გატაცებულები უკვე ისრაელის ტერიტორიაზე არიან. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. ისრაელის განცხადებით, დაჯგუფება "ჰამასის" ტყვეობაში ამ დრომდე 120 ისრაელელი მძევალი ისევ რჩება.

მწვავე სიტუაციაა ნუსეირატში, ღაზის სექტორის ამ მონაკვეთზე, ისრაელის ძალების თავდასხმას 55 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. "ცაჰალის" რეიდს შედეგად ათეულობით ადამიანია დაჭრილი. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბავშვების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო, ისრაელის არმია, ყოველწლიურ ანგარიშში, დამრღვევად გამოაცხადა. ამ ფაქტმა გაერო-სა და ისრაელს შორის ურთიერთობები გაამწვავა. დიპლომატიური სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ანგარიშის შესახებ, გენერალური მდივნის თანაშემწემ, გაერო-ში ისრაელის წარმომადგენელს ტელეფონით აცნობა.

გაერო-ს მიერ "ცაჰალის" მიმართ წარდგენილი ბრალდება გილად ერდანმა ისრაელის მიმართ სიძულვილად შეაფასა და სოციალურ ქსელში მასსა და გაერო-ს წარმომადგენელს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. ჩანაწერს გამოეხმაურა გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერი. დუჟარიკის განცხადებით, ისრაელის წარმომადგენლის ეს ქმედება გამაოგნებელი და მიუღებელია.

ანტონიო გუტიერეშს უპასუხა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაერო-მ ამ გადაწყვეტილებით საკუთარი თავი ისტორიის შავ სიაში შეიყვანა

პარალელურად, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის. ახლო აღმოსავლეთში ომს 36 732 მშვიდობიანი ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმეტესობა ქალი და ბავშვია. ღაზის სექტორში სოციალური კატასტროფაა. ჰუმანიტარული დახმარების შეფერხებით მიწოდების და უსაფრთხო ზონის არარსებობის გამო, ორ მილიონამდე დევნილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები