25 ნოემბერი 2024,   06:55
ვრცლად
ტრიოს ნაცვლად ორი ქვეყანა - ევროკომისიის გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი უსამართლობად აფასებს

საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებისა და ორმაგი სტანდარტის აშკარა მაგალითს სახელისუფლებო გუნდი ევროკომისიის გადაწყვეტილებას უწოდებს. ევროკავშირი გაწევრიანების მოლაპარაკებისთვის კარს, ამ ეტაპზე, მხოლოდ 2 ქვეყანას - უკრაინას და მოლდოვას უხსნის. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ იმ ფონზე, როდესაც არაერთი რეიტინგით საქართველო ტრიოში ლიდერია, ევროკომისიის გადაწყვეტილება არაობიექტურია.

"ქართულმა ოცნებამ" დღეს რამდენიმე საერთაშორისო დასკვნა და ანგარიშიც გაიხსენა, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის, სადაც უკრაინასა და მოლდოვაში არსებულ კორუფციულ და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე, ასევე სასამართლო სისტემის გაუმჭვირვალობაზეა საუბარი.

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ რეიტინგები მსგავს გადაწყვეტილებებზე გავლენას არ ახდენს და ამ შემთხვევაში, ევროკომისია პოლიტიკური ნიშნით მოქმედებს. ოპოზიციის ნაწილიც ამბობს, რომ გამოწვევები უკრაინასა და მოლდოვაში არსებობს, თუმცა, მათი შეფასებით, ორივე ქვეყანა საქართველოსგან განსხვავებით, დასავლურ კურსს მიუყვება და გადამწყვეტიც ევროკომისიისთვის სწორედ ესაა.

ოპოზიციის მეორე ნაწილი პასუხისმგებლობას სახელისუფლებო გუნდს აკისრებს. ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე სწორედ "ქართული ოცნების" მიერ გადადგმული ნაბიჯები და დეპუტატთა განცხადებები მოქმედებს.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ საქართველოს წინაშე ის გამოწვევები, რაც უკრაინასა და მოლდოვას აქვს, არ დგას. იხსენებენ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც საუბარი უკრაინასა და მოლდოვაში არსებულ პრობლემებზეა, მათ შორის, მედიის თავისუფლების კუთხით. ასევე, ყურადღებას ამახვილებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდნენ და ჭურვების შესაძენად გამოყოფილი თანხა მიითვისეს. ამ ფაქტებიდან გამომდინარე, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ თუკი რომელიმე ქვეყანა მოლაპარაკებებისთვის კარის გახსნას იმსაურებს, ეს საქართველოა.

საქართველომ, მოლდოვამა და უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად 2022 წელს მიმართა. უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი ევროპულმა საბჭომ ივნისში მიანიჭა, მაშინ საქართველოს მხოლოდ ევროპული პერსპექტივა ერგო. თუმცა, მოცემულობა 2023 წლის 14 დეკემბერს შეიცვალა, როდესაც ევროპულმა საბჭომ საქართველოსაც კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და შემდგომი წინსვლისთვის, 9 პირობა დაუწესა.

დღის ამბები