რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
უწყების ინფორმაციით, ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
"საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.