25 ნოემბერი 2024,   06:57
ვრცლად
ინდექსები მნიშვნელოვანი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" გააგრძელებდა დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას - თეონა აქუბარდია

"ატლანტიკური საბჭოს" მიერ გამოქვეყნებულ თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსში საქართველოს მოწინავე პოზიციები პოლიტიკური შეფასებების საგანია. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებები დამსახურებაზე დაფუძნებული რომ ყოფილიყო, საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი უკვე დაწყებული იქნებოდა.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ინდექსები მნიშვნელოვანი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დემოკრატიული რეფორმების გატარებას გააგრძელებდა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ უფრო მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რასაც დასავლელი პარტნიორები საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფალი გარემოს გაუარესების შესახებ ავრცელებენ.

"ეს რეიტინგები და თავისუფლების ინდექსები შეიცვლება. ჩვენ ვხედავთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულებას - ეს არის ნათელი გზავნილი, რომ საქართველოს მნიშვნელოვნად დაიხია უკან თავისუფალი გარემოს შექმნის თვალსაზრისით. სანამ ეს ადამიანები იქნებიან საქართველოს ხელისუფლებაში, საქართველოს ეროვნული ინტერესები მუდმივად დაზიანდება,"-აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

"რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" განცხადება მანიპულაციურია, რადგან მათ თავად გადაუხვიეს ქვეყნის გაცხადებულ საშინაო და საგარეო კურსს.

"ინდექსები მნიშვნელოვანი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" გააგრძელებდა დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას. საქართველოს დემოკრატიისთვის ბრძოლა და მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმშია საჭირო. შესაბამისად, მანიპულაციურია "ქართული ოცნების" განცხადება, რომელმაც თავად გადაუხვია ქვეყნის გაცხადებულ საშინაო და საგარეო კურსს,"-განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

შეგახსენებთ, რომ "ატლანტიკური საბჭოს" მიერ გამოქვეყნებულ თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსით საქართველო ევროპულ სახელმწიფოებს შორის პირველია, რომელიც 23 საფეხურით დაწინაურდა. ქვეყანა, მმართველობის რეჟიმის მიხედვით, თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დასახელდა.

დღის ამბები