25 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
ბექა ოდიშარია სანქციებზე: შეიძლება შევეგუოთ გაჭირვებას და შიმშილს, მაგრამ ქართველი ადამიანი არ ეგუება უსამართლობას და ორმაგ სტანდარტს

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოცხადებული სანქციების პირველი პაკეტი, რომელიც სავიზო შეზღუდვებს ეხება, საქართველოში პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველ გუნდში სვამენ კითხვას - რატომ არ ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს მსგავსი რეაგირება წინა ხელისუფლების დროს აქციების ძალისმიერად დაშლაზე - საუბარია, 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებზე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, ქართველი ხალხი უსამართლობას და ორმაგ სტანდარტებს არ შეეგუება.

"ეს არის უსამართლობის პიკი. მაშინ, როდესაც 2003-2012 წლებში რუსთაველი სისხლის ფარდაგებით იყო მორთული; მიცვალებულები, ვითომდა უბედური შემთხვევის გამო, აღმოჩენილები იყვნენ საგაზეთო ჯიხურებზე. მაშინ, როდესაც კორტებთან ახალგაზრდა ბიჭები ჩაიცხრილნენ, როდესაც გამცემლიძის გვარი არსებობს, ჯერ კიდევ გირგვლიანის სისხლი არ მოუწმენდიათ და მთელს საზოგადოებას ახსოვს ეს ტკივილი, ნავთლუღში ჩაცხრილული ბიჭები, ციხეში მოწყობილი პროვოცირებული ბუნტი და იქ ამოჟლეტილი პატიმრები, წამება, ტანჯვა, ბიზნესის რეკეტი, - ერთი მიმართულებით მაინც გაჟღერებულიყო, "დაეკნავლა" მაინც ვინმეს, თუ საქართველოს მეგობარია, რომ სააკაშვილი იმსახურებს დასანქცირებას, მინიმუმ, რომელიმე მინისტრი მაინც. დუმდა მაშინ ევროპარლამენტი, ამერიკის შეერთებული შტატები და შუქურასაც კი უწოდებდნენ მას.

მე მინდა გულწრფელად და არა ნიშნისმოგებით ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს, რომ ქართული მენტალიტეტისთვის ეს წარმოუდგენელი რამეა. ჩვენ შეიძლება შევეგუოთ გაჭირვებას, შიმშილს, ყველანაირ გამოწვევას, მაგრამ ქართველი ადამიანი არ ეგუება უსამართლობას და ორმაგ სტანდარტს," - აცხადებს ოდიშარია.

ამავე თემაზე
დღის ამბები