25 ნოემბერი 2024,   06:55
ვრცლად
ევროპა რუსეთთან შესაძლო ომისთვის ემზადება - მზად არის გეგმა, რომელიც NATO-ს წევრ რომელიმე სახელმწიფოზე რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ამოქმედდება

ევროპა რუსეთთან შესაძლო ომისთვის ემზადება. მზადაა გეგმა, რომელიც "ნატო"-ს წევრ რომელიმე სახელმწიფოზე რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ამოქმედდება. ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფი" "ნატო"-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, ალიანსის შემუშავებულ სახმელეთო კორიდორების სქემას აქვეყნებს.

გეგმის მიხედვით, "ნატო"-ს ამერიკელი ჯარისკაცების და სამხედრო ტექნიკის დესანტირება ნიდერლანდებში განხორციელდება, საიდანაც ევროპის ქვეყნების გავლით ჯარი რუსეთის საზღვრისკენ დაიძვრება.

განისაზღვრა ალტერნატიული მარშრუტებიც იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ნიდერლანდების პორტებს გაანადგურებს. დესანტი მოკავშირე სახელმწიფოებში გადმოსხდება, ამ შემთხვევაში, "ნატო"-ს ჯარებს იტალია, საბერძნეთი და თურქეთი გაატარებს. განიხილება "ნატო"-ს ძალების ნორვეგიიდან რუსეთის მიმართულებით გადაყვანაც.

ამ გეგმის მოდელირება ევროპაში წლის დასაწყისიდან ნაწილობრივ უკვე მიმდინარეობს. "მდგრადი დამცველი" - ასე ჰქვია ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებებს, რომელშიც მონაწილეობა 100 000-ზე მეტმა დასავლელმა სამხედრომ მიიღო. ოფიციალურად, სწავლებები მაისის ბოლოს დასრულდა, თუმცა "ნატო"-ს ძალები, ამ დრომდე, საყურადღებო მზადყოფნის რეჟიმში იმყოფებიან.

"ნატო"-ს წევრი ქვეყნების ლიდერები გერმანიის შეიარაღებული ძალების გენინსპექტორის პოზიციას არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ რუსეთი "ნატო"-ს ერთ-ერთ წევრ ქვეყანას, შესაძლოა, ხუთ წელიწადზე ნაკლებ დროში დაესხას თავს. მაგალითად, ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ერიკ კრისტოფერსონი აცხადებს, რომ ალიანსს ორი-სამი წელი აქვს, რათა დაპირისპირებისთვის მოემზადოს. მომატებული საფრთხის შესახებ საუბრობს ფინეთის და ბალტიის ქვეყნების სამხედრო ხელმძღვანელობა. "ნატო"-ს წევრი ქვეყნების სამხედრო უწყებებს კრემლის ლიდერი გამოეხმაურა.

გერმანული გამოცემა "ბილდ"-ის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნების დაზვერვის მიერ წარდგენილი ინფორმაციით, 2024 წლის ბოლოს, რუსეთი "ნატო"-ს წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოზე თავდასხმას შეეცდება. ამ დროს, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია ფინალურ ეტაპზე იქნება. ამის გამო, ამერიკელი სამხედროების ევროპაში გაგზავნის გადაწყვეტილება, შესაძლოა, შეფერხდეს.

გერმანიის მთავრობამ ჩარჩო დირექტივა წარადგინა, რომელიც ქვეყნის თავდაცვას ეხება, ეს სამოქმედო გეგმა რუსეთის შეჭრის შემთხვევაში ამოქმედდება. ინფორმაციას გერმანული გამოცემა ასაჯაროებს. დოკუმენტის თანახმად, ჯარი "ნატო"-ს აღმოსავლეთ ფლანგზე იქნება გადასროლილი. სარდაფები, მიწისქვეშა ავტოსადგომები და მეტროს სადგურები ბუნკერების ფუნქციას შეასრულებენ. საავადმყოფოები დაჭრილების მისაღებად მზადყოფნაში უნდა იქნას მოყვანილი. გერმანიის სამხედრო სარდლობის ოფიციალური განცხადებით, ქვეყანა ომისთვის ემზადება რომელიც, შესაძლოა, 2029 წელს დაიწყოს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები