ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, გიორგი წულუკიძე და გია ლავასოღლი სპეცოპერაციის შედეგად ბათუმში დააკავეს. მათი სახლების ჩხრეკისას კი სპეცსამსახურმა ავტომატები, ხელყუმბარები, პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკიანი დროშები ამოიღო.
საიდან და რა მიზნით ჰქონდა ბათუმის აგრარული ბაზრის მოვაჭრეს საწოლში ავტომატი, ხელყუმბარები და ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკა - სწორედ ეს არის იმ გამოძიების მთავარი ინტერესი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით აწარმოებს. ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დიდი ოდენობით იარაღი და სხვა ტიპის მტკიცებულებებია ამოღებული მეორე დაკავებულის, გიორგი წულუკიძის სახლიდანაც. დღეს ორივე მათგანმა სასამართლო პროცესზე დუმილი შეინარჩუნა. ადვოკატის შუამდგომლობის მიუხედავად, რომ 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ, მოსამართლემ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.
კონტრტერორისტული ცენტრის ოპერაციის ფარგლებში დაკავებულ ლავასოღლის და წულუკიძეს ამ ეტაპზე ბრალი მხოლოდ იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით აქვთ წარდგენილი, თუმცა, პროკურორის ვარაუდით, საბოლოოდ საქმეს ტერორიზმის მუხლით ბრალდებაც დაემატება.
უსაფრთხოების სამსახურები და საგამოძიებო უწყებები, ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავებულების კონტაქტებს იკვლევენ. ასევე, მათი მიზანია დაადგინონ, რა მიზნით ხდებოდა იარაღის მომარაგება ბრალდებულების ბინებში. ახალი მტკიცებულებების მოძიების პარალელურად, უკვე არსებული მასალების გამოკვლევა სასამართლოში დაიწყება. არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკითხავენ მოწმეებსაც, რომელთა ჩვენებები საქმეში უკვე დევს. წინასასამართლო სხდომა 25 ივლისს გაიმართება, თუმცა საქმეზე საიდუმლო გრიფის გათვალისწინებით პროცესები დახურული იქნება.