ტერორიზმის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ორივე მათგანი დუმილის უფლებით სარგებლობს. ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ისარგებლა დუმილის უფლებით. ჩემი შუამდგომლობა იმით იყო დასაბუთებული, რომ შესაძლებელია, მსგავსი კატეგორიის დანაშაულზე შეუფარდოს მოსამართლემ გირაო, ვინაიდან დამატებითი ღონისძიების სახით შეუძლია მოსამართლეს დააკისროს საზღვრის კვეთის აკრძალვა, პასპორტის ჩაბარება სამართალდამცავ ორგანოებზე, პოლიციაში გამოცხადება გარკვეული ინტერვალით,"- აღნიშნა ადვოკატმა გიორგი ჭოჭუამ.
საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. სხდომა დახურული იყო. უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება ან ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება - ეს არის მუხლი, რომლითაც ძიება მიმდინარეობს. დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვაზე. სპეცსამსახური ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" კვალზე საუბრობს.
"სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და ორივე ბრალდებულს შეუფარდა პატიმრობა. ამ ეტაპზე, ბრალდებულებს ბრალად ედებათ მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა, რაც შეეხება ტერორიზმის დანაშაულს - საქმეზე გამოძიება გრძელდება და, მას შემდეგ, რაც დასრულდება გამოძიება, მიეცემა საბოლოო კვალიფიკაცია.
გარდა იმ მტკიცებულებებისა, რომლებიც ჩხრეკის შედეგადაა ამოღებული - ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობები, ვადასტურებ, რომ არსებობს სხვა მტკიცებულებები, მათ შორის, აუდიომტკიცებულებები," - განაცხადა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა.