25 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
ეს დასაწყისია - ამის იქით, კიდევ იქნება სხვა ქმედებებიც - პაატა მანჯგალაძე სანქციებზე

შეერთებულ შტატებში მიღებულ გადაწყვეტილებას სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, თბილისში აფასებენ. ოპოზიცია შტატებიდან კიდევ უფრო მკაცრ სანქციებს ელოდება. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ფიქრობს, რომ ეს არ არის ერთადერთი ქმედება და მოსალოდნელია სხვა ქმედებებიც.

"ეს არის დასაწყისი, ეს არ არის ერთადერთი ქმედება. ამის იქით, კიდევ იქნება სხვა ქმედებებიც. ნეგატიური ასახვა ექნება ამას ჩვენს მოქალაქეებზე, რადგან სანქცირებული მთავრობა რამდენი ხანიც იქნება ხელისუფლებაში, ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანს ხალხს," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა, ამ ნაბიჯით, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის მყარად დგას და ბოლომდე იდგება ქართველი ხალხის გვერდით.

"სანქციების პირველი ფაზა, რომელიც დაუწესდა ქართული ოცნების ათობით წარმომადგენელს, ემსახურება სწორედ ქართველი ხალხის, თითოეული ქართველი პატრიოტის დემოკრატიული ინტერესების დაცვას," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

განცხადება საკითხთან დაკავშირებით გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრმა, თეონა აქუბარდიამ. 

"სანქციების მეშვეობით, იზრდება ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რათა ჩვენ დავრჩეთ დემოკრატიული და ევროპული კურსის სადარაჯოზე და ეს არის დამატებითი კიდევ ერთი გზავნილი "ქართული ოცნებისთვის", რომ არ წაიყვანოს ქვეყანა ბოლომდე ავტორიტარიზმისკენ," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

ამერიკამ სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები "ქართული ოცნების" წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს დაუწესა. მათ შორის იმ ინდივიდებსა და მათ ოჯახის წევრებს, ვინც სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განმარტებით, პასუხისმგებელია ან არის თანამონაწილე საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე. საუბარია 20-დან 30-მდე პირზე, რომელთა ვინაობა არ საჯაროვდება. მეთიუ მილერის განმარტებით, სავიზო მონაცემები კანონით კონფიდენციალურია, ამიტომ კონკრეტულ გვარებს ის ვერ დაასახელებს.

დღის ამბები