სამტრედიაში მცხოვრებ მოქალაქეებს იუსტიციის სახლის სერვისებით სარგებლობისთვის სხვა ქალაქში წასვლა აღარ მოუწევთ. დღეიდან, ადგილობრივებს კომფორტულ გარემოში, მაღალი ხარისხის მომსახურების მიღება, თავაძის 2 ნომერში შეუძლიათ. ახალ შენობაში განთავსებულია თანამედროვე ინვენტარი, ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. იუსტიციის სახლში 20-მდე ადგილობრივი დასაქმდა.
საქართველოს მასშტაბით რიგით 119-ე და იმერეთში 24-ე იუსტიციის სახლი პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა გახსნეს. მთავრობის მეთაურის თქმით, სამტრედიელებს, დღეიდან, 500-მდე საჯარო და კერძო მომსახურების მიღება შეეძლებათ.
სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და კონკრეტულ, წარმატებულ პროექტებთან დაკავშირებით ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმაც.
სამტრედიელების მსგავსად, ყველა სახელმწიფო სერვისით სარგებლობას, უახლოეს მომავალში, შეძლებს თერჯოლის მოსახლეობაც; რამდენიმე თვეში კი, ქვეყნის მასშტაბით, დამატებით 14 იუსტიციის სახლის გახსნაა დაგეგმილი.