25 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
არჩევნებამდე 5 თვით ადრე, ოპოზიცია გამარჯვების ფორმულას ეძებს - რომელი პარტიების გაერთიანებაზე მიმდინარეობს კონსულტაციები

მიზანი საშუალებას არ ამართლებს - როცა საქმე ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას ეხება. სალომე ზურაბიშვილის ქარტიის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიცია საარჩევნო მარათონში ცალ-ცალკე ერთვება. ოპოზიციის ერთიანი სიის იდეა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" სურვილად რჩება.

მელია-გვარამიას "ახალი", ხოშტარიას "დროა" და ჯაფარიძის "გირჩი-მეტი თავისუფლება" "ლელოსთვის" "ნაციონალური მოძრაობასთან" აღარ ასოცირდება; ამიტომ, მათთან საარჩევნოდ გაერთიანებაზე კონსულტაციებს მართავს.

ხაზარაძის გუნდი, უკვე დიდი ხანია, ცდილობს სააკაშვილის პარტიისგან დისტანცირებას, თუმცა ალტერნატიული ცენტრის შექმნას სწორედ "ნაციონალურიო მოძრაობის" წიაღიდან წამოსულ პოლიტიკოსებთან აპირებს. საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ამ ერთობაში, შესაძლოა, ანა დოლიძეც აღმოჩნდეს.

არჩევნებამდე დრო მცირდება და იზრდება "ახალის" გეგმებიც. გვარამია-მელიას პოლიტიკური ძალა, გაერთიანების მიზნით, სხვა პარტიებთან ერთად, გიგა ბოკერიას "ევროპულ საქართველოსაც" ესაუბრება.

"ახალთან" და "ლელოსთან" მოლაპარაკებებში ჩართულები არიან ელენე ხოშტარია და ზურა გირჩი ჯაფარიძეც. ამის პარალელურად, "ნაციონალურ მოძრაობის" მსგავსად, ოპოზიციის ერთიანი ფრონტის იდეასაც ლობირებენ.

"გირჩი" ყოფილ თანაგუნდელს ურჩევს, ისევ იქ დაბრუნდეს, საიდანაც თავის დროზე წამოვიდა. მიაჩნიათ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წარმომადგენლები, "ლელოს" გარშემო თუ ალტერნატიულ ცენტრში, მაინც სააკაშვილის გუნდის წევრებად დარჩებიან.

ერთად ყოფნას საარჩევნო სიაში კოლეგებს ისევ სთავაზობს "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც, ამ დრომდე, გაერთიანებული მხოლოდ "სტრატეგია აღმაშენებელთან" რჩება.

რა სტრატეგიაც არ უნდა აირჩიონ ოპონენტებმა, "ქართული ოცნება" გამარჯვებაში მაინც დარწმუნებულია. პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიციის შიდა გადაჯგუფება უშედეგო მცდელობაა.

კანონმდებლობის მიხედვით, პარტიები არჩევნებში ბლოკებად მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. გაერთიანების შემთხვევაში, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას ასპარეზი ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ მოუწევთ.

დღის ამბები