2 ახალგაზრდა კაცის მკვლელობისთვის დაკავებული მოსამართლეს არწმუნებდა, რომ მას დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია და მხოლოდ თავს იცავდა. იური კალანდარიშვილმა სასამართლოზე, 5 ივნისს, ღამით მომხდარი ფაქტი გაიხსენა. ბრალდებულმა თქვა, რომ ბაჩო ბაშარული და ნიკოლოზ არჩვაძე მას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. სანადირო თოფი კი, კალანდარიშვილის მტკიცებით, მხოლოდ შესაშინებლად გამოიტანა.
კორპუსში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სავარაუდოდ, საქმის მთავარი მტკიცებულებებია. გავრცელებული ინფორმაციით, კადრებში ფიზიკური დაპირისპირება ჩანს. 5 ივნისის ღამეს გადაღებულ მასალას გამოძიება სწავლობს. მანამდე, დანაშაულის მოტივზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება.
"კურიერი" ერთ–ერთი მოკლულის, ბაჩო ბაშარულის ოჯახის წევრებს ესაუბრა. დაზარალებული მხარე დარწმუნებულია, რომ კალანდარიშვილს მეზობლის მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. ახალგაზრდა ქალი ჰყვება, რომ, 5 ივნისს, კონფლიქტი ეზოში დაიწყო. მალევე, იური კალანდარიშვილი საკუთარ ბინაში ავიდა, ხელში ეჭირა კუთვნილი ავტომობილიდან ამოღებული სანადირო თოფი. 15 წუთში, 44 წლის მამაკაცმა ბაჩო ბაშარული და მისი მეგობარი ნიკოლოზ არჩვაძე სახლში დაპატიჟა. მე–15 სართულზე ასულ მეგობრებს კი, მალევე, იარაღიდან ესროლა.
იური კალანდარიშვილი სროლის დროს აუცილებელი მოგერიების ქვეშ იმყოფებოდა – ეს პოზიცია აქვს ბრალდებულის ადვოკატს. ინტერესების დამცველის თქმით, ბაჩო ბაშარული და მასთან სტუმრად მყოფი ნიკოლოზ არჩვაძე კალანდარიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფაქტს დაკავებულის მეუღლე და მცირეწლოვანი შვილიც შეესწრო.
იური კალანდარიშვილი დღეს საქალაქო სასამართლომ 2-თვიან პატიმრობაში დატოვა. ბაჩო ბაშარულისა და ნიკოლოზ არჩვაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, დანიშნულია ექსპერტიზები და მიმდინარეობს კონკრეტული მტკიცებულებების მოპოვება. საქმეში დევს თვითმხილველების ჩვენებიც.
მკვლელობა ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ხმაურზე გამოსულ მეზობლებს, მე-15 სართულზე, ორი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ბაჩო ბაშარული და ნიკოლოზ არჩვაძე სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალნენ. მათ ცეცხლნასროლი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილას ჰქონდათ. "კურიერის" ინფორმაციით, კალანდარიშვილმა 10 ჯერ გაისროლა.
მკვლელობის ადგილას პოლიცია გუშინ მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა. გამოიკითხნენ თვითმხილველები ამოღებული ნივთმტკიცებები, მათ შორის - დანაშაულის ჩადენის იარაღი, სანადირო თოფიც.
მკვლელობის ოფიციალურ მოტივად ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, იური კალანდარიშვილს 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.