წალენჯიხაში 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. წყლის გამწმენდი და სათავე ნაგებობები, რეზერვუარი, 60-კილომეტრიანი წყალმომარაგების ქსელი, მაგისტრალური მილი - ეს ყველაფერი 2025 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ჭაბურღილებსაც.
პროექტზე სახელმწიფო 25 მილიონამდე ლარს დახარჯავს, შედეგად კი 3 650-ზე მეტი მოქალაქე 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დღეს უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა გაეცნო.
"ის პრობლემა, რომელიც აწუხებდა ქალაქ წალენჯიხას, მომავალი წლის ბოლომდე გადაწყდება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და, კიდევ ერთხელ, წალენჯიხელების სახელით, ჩვენს მთავრობას მადლობა ვუთხრა ამ პროექტისთვის. 25-მილიონიანი პროექტი გულისხმობს 65 კილომეტრის დაქსელვას, რეაბილიტაციას, ასევე, იმ სათავო ნაგებობების რეაბილიტაციას, სადაც ფილტრაცია ხდება. მნიშვნელოვანია, რომ გარდა ამისა, მიმდებარე სოფლებიც ისიც იქნება მოცული,"-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.