25 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
ტერორიზმის საქმეზე დაკავებულები - ტერორისტულ ორგანიზაციასთან სავარაუდო კავშირში მყოფის ვინაობა "კურიერმა" დღეს ექსკლუზიურად გაარკვია

ტერორიზმის საქმეზე დაკავებულები - მამაკაცი, რომელსაც სპეცრაზმმა ხელბორკილები დაადო, საერთაშორისო ტერორიზმის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. ჩხრეკისას ამოღებულია ავტომატები, პისტოლეტი, ვაზნები და დროშები ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკით. ტერორისტულ ორგანიზაციასთან სავარაუდო კავშირში მყოფის ვინაობა "კურიერმა" ექსკლუზიურად გაარკვია. ის ბათუმში მცხოვრები გიორგი წულუკიძეა. წულუკიძეს წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი უკვე წარუდგინეს. ბრალდებულმა ადვოკატის მომსახურებაზე უარი თქვა. გამოძიება, ამ ეტაპზე, მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

გიორგი წულუკიძესთან ერთად, ტერორიზმის საქმეზე დაკავებულია მისი მეგობარი - ასევე ბათუმში მცხოვრები მამაკაცი, გვარად ლავასოღლი. სახლი, სადაც ბრალდებული მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, "კურიერის" გადამღებ ჯგუფს დაკეტილი დახვდა. მეზობლები ამბობენ, რომ წყვილს ბინა ახალი ნაქირავები ჰქონდა და ადგილობრივებთან თითქმის არ კონტაქტობდნენ.

ირკვევა, რომ ორივე დაკავებული სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში აქტიურად ეწეოდა ტერორიზმის რომანტიზებას და გარკვეულ მისამართებზე ისლამური სახელმწიფოს ატრიბუტიკას ინახავდა. ლავასოღლის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს ოფიციალურად განმარტეს, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოხდა ბათუმში მცხოვრები ორი მამაკაცის დაკავება. კონტრტერორისტული ცენტრი ადგენს ბრალდებულების კავშირებს საერთაშორისო ტერორიზმთან.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გრიფით საიდუმლო საქმის დეტალებსა და მტკიცებულებებს არ ასაჯაროებს, თუმცა ცნობილია, რომ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სუს-მა არაერთი კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარა. შედეგად, რამდენიმე ქვეყანაში დაგეგმილი თავდასხმების აცილება მოხერხდა. გასულ წელს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულთა შორისაა უცხო ქვეყნის მოქალაქეც, რომელსაც ჩხრეკის დროს, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის დედაქალაქების სტრატეგიული ობიექტების სატელიტური ფოტოები აღმოაჩნდა. სავარაუდო თავდასხმის სამიზნეებზე ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარტნიორ ქვეყნებს მიაწოდა.

 

დღის ამბები