25 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას

დევდორაკის ხეობაში, ამ დროისთვის, საფრთხე მინიმალურია, წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა. სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და ვითარებას აკვირდებიან - ასეთია ბოლო ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოდან.

საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტ "დარიალზე“ საავტომობილო შეზღუდვები რამდენიმე საათია მოხსნილია.

დილით ადგილიდან ევაკუაცია განხორციელდა. დილის 08:36 საათზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სასიგნალო შეტყობინება დევდორაკის ხეობაში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან შევიდა, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაშიც, ცვლილებას აფიქსირებს.

სწორედ ამ შეტყობინების საფუძველზე, სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ყველა პირი გაიყვანეს. საფრთხეები გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ვერტმფრენის მეშვეობით შეაფასეს და თქვეს, რომ რისკები მინიმალურია.

ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის, ზურაბ ინასარიძის განმარტებით, საბაჟო სამუშაო პროცესს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.

"ყაზბეგის საბაჟო უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს სამუშაო პროცესს. მოგეხსენებათ, მდინარე დევდორაკში წყლის დონის მატებასთან დაკავშირებით, შევაჩერეთ სამუშაო რეჟიმი, რათა მგზავრთა და თანამშრომელთა უსაფრთხოება უზრუნველყოფილიყო. ამ წუთისათვის, სამუშაო პროცესს უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ, საბაჟო სრულად არის დატვირთული, როგორც შემოსვლა, ასევე გასვლა, ტვირთების შემოწმება და მგზავრთა გატარება", - განაცხადა ზურაბ ინასარიძემ.

დღის ამბები