25 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
კონსტიტუცია უშვებს ერთი ადამიანი დათქმების გარეშე მართავდეს ქვეყანას, ეს ცუდი კონსტიტუციაა, ქარტია შეიძლება იყოს მშვენიერი საწყისი, მაგრამ ვინც ხელს აწერდა, ზუსტად არ იციან იქ რა წერია - ალექსანდრე რაქვიაშვილი

"გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, მთავარი პრობლემა ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა არ არის, მთავარი პრობლემა ზოგადად ერთპიროვნული მმართველობაა.

როგორც რაქვიაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, საჭიროა არსებული კონსტიტუცია შეიცვალოს ისე, რომ არავის ჰქონდეს შესაძლებლობა ერთპიროვნული მმართველობა ჩაიგდოს ხელში.

"მთავარი პრობლემა არ არის ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა, მთავარი ჩვენი პრობლემა არის ერთპიროვნული მმართველობა, როგორც ასეთი, ვინც არ უნდა იყოს. ამიტომ, მე საერთოდ არ გამიხარდება, რომ ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად ვიღაც სხვა მართავდეს ერთპიროვნულად, თუნდაც ის მე პერსონალურად მომწონდეს. ამიტომ, მთავარი ამოცანაა, ისეთი წესრიგი შევქმნათ, რომ ერთპიროვნული მმართველობა გამოვრიცხოთ, ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია. აქედან გამომდინარე, ის კონსტიტუცია, რომლითაც ახლა ვცხოვრობთ, ამას ვერ უზრუნველყოფს.

საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და "ქართულმა ოცნებამ" რომ თავისი პარტიის დებულება შეცვალა, აღმოჩნდა, რომ ამ დებულების ცვლილებით, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო ძალაუფლება დანიშნოს პრემიერ-მინისტრი. კონსტიტუცია ამას უშვებს, რომ ერთი ადამიანი დათქმების გარეშე მართავდეს ქვეყანას და ეს ცუდი კონსტიტუციაა. პრეზიდენტის ქარტია შეიძლება იყოს მშვენიერი საწყისი წერტილი, ვილაპარაკოთ ამაზე და თუ რამე გამოვა, ყველანი ბედნიერები ვიქნებით, მაგრამ დისკუსია არ შემდგარა და მეტიც, ვინც ხელს აწერდა ამბობდნენ, რომ ზუსტად არ იციან იქ რა წერია. როგორ შეიძლება ადამიანებს, რომლებსაც პრინციპები გააჩნიათ, განსხვავებული პოლიტიკური ხედვები აქვთ და უბრალოდ ძალაუფლებისთვის კი არ იბრძვიან, რაღაც იდეისთვის იბრძვიან, ასე იქცეოდნენ. ამიტომ, მათ ქვევაში, მათ პოლიტკიკური პოზიციებში, გეგმებში ყველაფერი თანხვედრაშია, ერთნაირად გამოიყურებიან", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა. 

დღის ამბები