21 წლის გოგო "კურიერს" ექსკლუზიურად უყვება, თუ როგორ გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცისგან, რომელიც მას ფოტოგრაფად გაეცნო და სარეკლამო გადაღებებში მონაწილეობა შესთავაზა. ახალგაზრდა ქალს მოძალადემ გამაგრილებელ სასმელში გაურკვეველი ნივთიერება ჩაუყარა, მასთან იძულებითი სქესობრივი კავშირი დაამყარა და ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალაც გადაუღო. სწორედ ამ ჩანაწერებით აშანტაჟებდა მსხვერპლს ბრალდებული, რომელიც ქალს საცხოვრებელ მისამართზე მისვლით და მომხდარის გასაჯაროებით ემუქრებოდა.
21 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ჩანაწერებს სამართალდამცველებმა სხვა საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიაგნეს. ირკვევა, რომ 43 წლის გიორგი ქაროსანიძე, კიდევ ერთი დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით, ჯერ კიდევ მარტში დააკავეს.
ჩხრეკისას ამოღებულ ელექტრონულ მოწყობილობებში გამომძიებლებმა 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა აღმოაჩინეს. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 11 დაზარალებული. თავად ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
გამოძიებით დგინდება, რომ 43 წლის მამაკაცი სარეკლამო ფოტოსესიებით დაინტერესებულ გოგონებს გამოგონილი ვინაობით, მათ შორის - ნუკრი ჯიოშვილის და ივანე ჯაიანის სახელით ეცნობოდა. ნდობის მოპოვების შემდეგ, მას მსხვერპლი საცხოვრებელ ბინაში მიჰყავდა, სადაც სამართალდამცველებმა საქმის არაერთ მტკიცებულებას მიაგნეს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში "კურიერს" უთხრეს, რომ მამაკაცი დანაშაულს, სავარაუდოდ, 2008 წლიდან ჩადიოდა. უწყებაში დაგვიდასტურეს ისიც, რომ ბრალდებული ქალებს სასმელში გაურკვეველ ნივთიერებებს უყრიდა.
დაკავებულს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სქესობრივი დანაშაულის დამატებით 11 ეპიზოდზე წარედგინა. გამოძიების პროცესში და მსხვერპლთა იდენტიფიცირების შემდეგ, შესაძლოა, დაზარალებულთა წრე გაიზარდოს. დაკავებულს, ამ ეტაპზე, 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.