ბათუმის დასახლებაში, სადაც ძირითადად უსახლკარო მოქალაქეები წლების განმავლობაში სახელდახელოდ აშენებულ ქოხებში ცხოვრობდნენ, ახალ ბინებში გადადიან. "ოცნების ქალაქად" წოდებულ დასახლებაში ახალი ბინა 600-მდე ოჯახმა მიიღო.
მფლობელებს გასაღები ბათუმში დღეს პრემიერ-მინისტრმა გადასცა. სოციალური პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 38 მილიონ ლარზე მეტია, სამი 12 სართულიანი კორპუსი აშენდება.
ქოქოლაძეების 12 სულიან ოჯახს 12 წლიანი ოცნება აუხდა. დღეიდან ისინი ბათუმში, "ოცნების ქალაქში", ახალაშენებულ კორპუსში იცხოვრებენ. 12 წლის განმავლობაში მძიმე პირობებში ცხოვრება დასრულებულია. ქოქოლაძეების ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლის გასაღები დღეს პირადად პრემიერ-მინისტრმა გადასცა.
ბათუმში, "ოცნების ქალაქში" 600-მდე ოჯახს ბინები დღეს გადაეცა. ეს პროექტის დასასრული არ არის. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ახალ ბინებს ახლო მომავალში კიდევ 1000-ზე მეტი ოჯახი მიიღებს.
მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 38 მილიონ ლარზე მეტია. "ოცნების ქალაქში" მოქალაქეებს ბინები მთავრობის მეთაურთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გადასცა.