25 ნოემბერი 2024,   06:56
ვრცლად
247 მომხრე, 155 წინააღმდეგი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ჰააგის სასამართლოს ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

247 მომხრე - 155 წინააღმდეგი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, ჰააგის სასამართლოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტი, რომელიც განსახილველად სენატს გადაეცემა, მიზნად საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალური პირების სანქცირებას ისახავს.

საუბარია ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ღაზის ომთან დაკავშირებით, ისრაელის ოფიციალური პირების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ბენიანიმ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის დაკავების ორდერის გაცემას მოითხოვს.

საკანონმდებლო ტექსტში ნათქვამია, რომ სანქციები იმ პირებს დაუწესდებათ, რომლებიც ჩართულნი არიან შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ გამოძიების, დაპატიმრების ან სისხლისსამართლებრივი დევნის ძალისხმევაში. ამერიკელი კანონმდებლების ნაწილისთვის, მიღებული გადაწყვეტილება, ისრაელის გამო ჰააგის დასჯას ნიშნავს.

შეერთებული შტატების მხარდაჭერით კმაყოფილია ბენიამინ ნეთანიაჰუ. ისრაელის პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "ჰამამსსა" და ისრაელს შორის ტოლობის ნიშნის დასმა გაუმართლებელია.
 
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუ და იოავ გალანტი ომის დანაშაულსა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში არიან ეჭვმიტანილნი.

ევროპის ქვეყნები ვალდებულნი არიან სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნული პირები დააკავონ. ამერიკის პრეზიდენტისთვის მიუღებელია ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება, ბაიდენი ღაზაში მიმდინარე მოვლენებს გენოციდად არ თვლის და ფიქრობს, რომ შესაძლოა ნეთანიაჰუ ღაზაში ომის დასრულებას პოლიტიკური მიზეზებით აჭიანურებს.

ბაიდენმა ღაზაში ომის დასრულების ინიციატივაც წარადგინა. გეგმა სამი ეტაპისგან შედგება, რაც ისრაელელი ტყვეების გათავისუფლებას, ცეცხლის შეწყვეტას, ჰუმანიტარული ზონის შექმნას და ღაზის სექტორის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. აღნიშნულ გეგმას ბენიამინ ნეთანიაჰუ პასუხობს და აღნიშნავს, რომ დაჯგუფება "ჰამასის" მხრიდან ტყვეების დაბრუნების გარეშე, ომის შეწყვეტაზე საუბარი არაფრისმომცემია. ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტყვეების გაცვლა ცეცხლის პერმანენტული შეწყვეტის პირობებში გახდება შესაძლებელი.
 

დღის ამბები